LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გაუმკლავდეთ დეპრესიას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1341

დეპრესია ადამიანის  ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომელსაც ნეგატიური განწყობა და სევდა ახასითებს.  დეპრესია ადვილად განკურნებადია — პაციენტების 80% სრულად ინკურნება. როგორც „ფორტუნას“, მანდატურების სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის დამფუძნებელმა, ფსიქოლოგმა, ლევან ზარდალიშვილმა განუცხადა, ძალიან მძიმე სახის დეპრესიამ შეიძლება ადამიანი დააუძლუროს, ცხოვრების ინტერესი დააკარგვინოს და მძიმე შედეგი გამოიწვიოს.

 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ საქმე დეპრესიასთან გაქვთ?

დეპრესია იწყება ქრონიკული გადაღლის სიმფტომით.  ფსიქოლოგის თქმით, როდესაც ადამიანს აწუხებს უძილობა, ან არ ყოფნის ძილი, უენერგიოა, ეს არის წინაპირობა დეპრესიისკენ. ხოლო როდესაც მიზეზის გარეშე ხდება ხასიათის ცვალებადობა და ეს პროცესი დროში გრძელდება, ადგილი აქვს დეპრესიას. საერთაშორისო ჯანდაცვის ფონდის სტატისტიკით, დეპრესია ყოველ წელს მოსახლეობის 5 % აქვს.

„მარტო ცუდ ხასითზე ყოფნა დეპრესიას არ ნიშნავს, ჩვენთან მოდაშია, დილით გაიღვიძებენ უხასიათოდ და დეპრესიას არქმევენ, იმისთვის რომ დეპრესიის დიაგნოზი დაისვას, სხვადასხვა სიმფტომებია საჭირო. ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ბევრ ნეგატივს ხედავენ,  იხსენებენ წარსულს და ისიც მხოლოდ უარყოფითად, მომავალს ვერ ხედავენ, ურჩევნიათ მარტოობა“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.

 

 ყველაზე ხშირად რა პერიოდში ვლინდება დეპრესია?

დეპრესია ხშირია თინეიჯერობის ასაკში,  არსებობს ორსულობის შემდგომი დეპრესია, ასევე დეპრესია ემართებათ კაცებს კრიტიკულ ასაკში, 40-50 წლამდე, ქალებს კი 35-40 წლამდე. შეიძლება ადამიანი  მიდრეკილი იყოს დეპრესიისკენ. დეპრესიის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, ის შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ, ოჯახურმა კონფლიქტებმა, ასევე განმეორებითმა სტრესმა. დეპრესია შეიძლება დაემართოთ მაშინაც კი, როდესაც მდიდრულად ცხოვრებენ, იმ შემთხვევაში თუ ერთფეროვნება აქვთ.

„ოჯახის წევრებს უნდა ესმოდეთ, რომ დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის, ეს ძალიან მძიმე განცდაა. ამიტომ აუცილებელია გადაუტანონ ყურადღება სხვა რამეზე, შეეცადონ გაიყვანონ გარეთ, წაიყვანონ კაფეში, კინოში“ – აცხადებს ფსიქოლოგი.

 

ვის უნდა მიმართოთ დეპრესიის დროს დახმარებისთვის?

ლევან ზარდალიშვილის განცხადებით, დეპრესიის დროს თვითმკურნალობა უნდა გამოირიცხოს. დამხარებითვის სპეცილისტს უნდა მიმართოთ, კერძოდ კვალიფიცირებულ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. ფსიქოლოგი ხშირად  თავის პაციენტს ფსიქიატრთან ამისამართებს, რათა გამოირიცხოს, სულით დაავადების ნიშნები, გარდა ამისა სწორედ ფსიქიატრის დამხარებით ხდება ფსიქოთერაპიასთან ერთად, მედიკამენტოზური მკურნალობა.

 

როგორ უნდა გაუმკლავდეთ დეპრესიას, 7 რჩევას ლევან ზარდალიშვილი მოგცემთ.

  1. ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში, დეპრესიის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი შეიძლება გახდეს ყურადღებისა და სითბოს ნაკლებობის განცდა. მშობელი შეიძლება თვლიდეს, რომ ის საკმარის სითბოს და ყურადღებას აძლევს (მაგალითად იქცევა ისე, როგორც უფროს შვილთან), თუმცა ბავშვი დანაკლისს განიცდიდეს. მნიშვნელოვანია, მშობელი დააკვირდეს ბავშვს და კონკრეტული შემთხვევის მიხედვით მოიქცეს.
  2. დეპრესიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს განმეორებითი, დროში განგრძობითი და „შეუცვლელი“ სიტუაცია. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სტრესულია თუ პოზიტიური, ამიტომ შეიტანეთ მრავალფეროვნება თქვენს ცხოვრებაში.
  3. დეპრესიას იწვევს ნეგატიური აზროვნება. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი შეეცადოს იფიქროს პოზიტიურად, მაგალითად, იფიქროს იმაზე, თუ რა შეუძლია, რისი უნარი აქვს და არა იმაზე, თუ რას ვერ გააკეთებს.
  4. დეპრესიის დროს, ადამიანს უჭირს რაიმე დიდი მიზნის დაგეგმვა და მიღწევა.  ამიტომ მიზანი უნდა დაყოთ საფეხურებად და განახორციელოს ეტაპობრივად.
  5. დეპრესიას აქვს მრავალი გამოხატულება, მაგრამ თუ ადამიანი არის ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას ხშირად აქვს დაქვეითებული გუნება-განწყობა, არის უიმედოდ, უენერგიოდ, ვერ გრძნობს სოციუმში თავის საჭიროებას, ვერ გეგმავს მომავალს და ეს მდგომარეობა დროში გაწელილია, მაშინ აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.
  6. პრევენციისთვის მნიშველოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ძილის რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, სოციალური და შემეცნებით აქტივობებში ჩართულობა.
  7. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანის მიკუთვნელობის განცდა, ცოდნა იმისა, რომ ის რაღაც ჯგუფის წევრია, ამ ჯგუფში თავის როლი აქვს და მას იქ სიხარულით ელოდებიან.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები