LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი სასწავლო პროცესისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

252

სასწავლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. ბავშვის მომზადება სკოლისთვის აუცილებელია. სკოლაში პირველად მისვლის ან ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ ბავშვებს უჭირთ სასწავლო გარემოსთან შეგუება. როგორც „ფორტუნას“ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის დამფუძნებელმა, ლევან ზარდალიშვილმა განუცხადა, სასწავლო პროცესთან შეგუება ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მშობელმა სწავლის დაწყებამდე ბავშვს უნდა აუხსნას, თუ სად მიდის, რა მიზნით და რა დროის გატარება მოუწევს მას სკოლაში.

რატომ უჭირთ ბავშვებს სასკოლო გარემოსთან შეგუება?

ფსიქოლოგის თქმით, ბავშვებს ახალ გარემოსთან შეგუებისთვის დრო სჭირდებათ, მათ უყვართ თამაში, სასკოლო გარემოში კი ეს არ გამოდის,  ასევე მოქმედებს უცხო გარემოს შიშიც. თუმცა ლევან ზარდალიშვილი მიიჩნევს, რომ თუ მშობელმა ბავშვი სწორად მოამზადა, ეს პრობლემა არ წარმოიქმნება. კერძოდ, მშობლებმა ბავშვებს წინასწარ უნდა აუხსნან, რა არის სკოლა. თავის მხრივ მასწავლებლებმაც უნდა შექმნან სათანადო პირობები.  პირველი კვირა კი ყველა კლასის მოსწავლისთვის უნდა იყოს საადაპტაციო პერიოდი.

როგორი უნდა იყოს მასწავლებლის მიდგომა?

ფსიქოლოგი ამბობს, რომ სკოლებში ბავშვების მიმართ მიდგომა შესაცვლელია, უნდა შეიქმნას უფრო მეგობრული და წახალისებაზე ორიენტირებული გარემო. „ზედმეტი სიმკაცრის წინააღმდეგი ვარ, მიმაჩნია, რომ რბილი და მეგობრული დამოკიდებულება შედეგიანია, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს ფამილარულში და ზღვარი უნდა იყოს დაცული. მასწავლებელი სულ უნდა აკვირდებოდეს ბავშვებს და კორექციას უკეთებდეს თავის დამოკიდებულებას. მასწავლებელი უნდა იყოს ოსტატი“, – განაცხადა ზარდალიშვილმა.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ მასწავლებლები ბავშვის ფსიქოლოგიასა და განვითარების შესახებ ცოდნას უნდა იღებდნენ. სკოლებში ფსიქოლოგების შეყვანაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2000-ზე მეტი სკოლაა, არც ისე მარტივი საკითხია, ნებისმიერი ფსიქოლოგი სკოლაში ვერ იმუშავებს, საჭიროა სასკოლო ფსიქოლოგი“, – აცხადებს  ფსიქოლოგი.

 

7 რჩევა ლევან ზარდალიშვილისგან:

 

  1. მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა მოუსმინონ და ყური დაუგდონ  ბავშვებს.
  2. მშობელმა და/ან მასწავლებელმა მოსწავლეს სწავლის დაწყებამდე, უნდა აუხსნას, თუ სად მიდის, რა მიზნით და რა დროის გატარება მოუწევს მას სკოლაში.
  3.     სასურველია მოსწავლემ წერა-კითხვა სკოლაში ისწავლოს, მაშინ როდესაც ის მზად არის სასკოლო პროცესისთვის და არა მანამდე.
  4. ბავშვი კარგად სწავლობს, როცა მისი ქცევა პოზიტიურად არის განმტკიცებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესში 80% იყოს წახალისება.
  5. ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშის საშუალება, რადგან თამაშით ბავშვი ვითარდება.
  6.  მოსწავლეს არ უნდა ეშინოდეს მასწავლებლის, პატივს უნდა სცემდეს. მათ უნდა ჰქონდეთ მეგობრული, თუმცა, არაფამილარული დამოკიდებულება.
  7. სასურველია, რომ მშობელსა და მასწავლებელს ჰქონდეთ ზოგადი ცოდნა ბავშვის განვითარების თავისებურებებზე, რომ ბავშვს ყველა ასაკში ადეკვატურად მოექცნენ.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები