LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიმკურნალოთ ონლაინ? – ინოვაციური კლინიკა პაციენტების რეგისტრაციას იწყებს

215

ონლაინ-კლინიკა ექსპლუატაციაში უახლოეს პერიოდში გაეშვება, მანამდე კი ის პოტენციურ პაციენტებს დაარეგისტრირებს. როგორც ”ფორტუნას” ონლაინ-კლინიკის იდეის ავტორმა და დამფუძნებელმა, არჩილ შველიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე ვებ-გვერდზე მუშაობა მიმდინარეობს, ამასთან მუშავდება სხვადასხვა სამედიცინო პაკეტი, რომლითაც პაციენტები ისარგებლებენ.

”იანვრის ბოლოდან, სავარაუდოდ, ვებ-გვერდი პროგრამულად უკვე მზად იქნება და დავიწყებთ პოტენციური პაციენტების რეგისტრაციას, რომელიც სრულიად უფასო იქნევბა. აღნიშნული პროცედურა თვე-ნახევრის მანძილზე გაგრძელდება. მაშინ, როდესაც პაციენტების გარკვეული რაოდენობა მოგროვდება, რომლებსაც ავუხსნით რა პრინციპით მუშაობს ონლაინ-კლინიკა, რა სერვისებს და რა ფასად სთავაზობს მათ, უკვე პრაქტიკულ მუშაობას შევუდგებით”, – აღნიშნა შველიძემ.

მისივე ინფორმაციით, ონლაინ-კლინიკა პაციენტებს შესთავაზებს როგორც ინდივიდუალურ, ისე საოჯახო და კორპორატიულ პაკეტებს. კლინიკის მომსახურების სრული პაკეტი თვიურად 15-20 ლარი ეღირება, რაც დღიურად 50 თეთრი გამოდის.

როგორც არჩილ შველიძემ განმარტა, ამ ეტაპზე მოლაპარაკება 15-ამდე ექიმთან მიმდინარეობს, რომლებიც კონსულტაციებს და დახმარებას ონლაინ-კლინიკის პაციენტებს გაუწევენ. მანამდე კი ისინი ტრენინგებს გაივლიან, სადაც კლინიკის მუშაობის პრინციპს გაეცნობიან.

”ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, ჩვენი მომხმარებელი ამომწურავ ინფორმაციას ონლაინ-რეჟიმში მიიღებს. კლინიკაში დასაქმდებიან აბსოლუტურად ყველა პროფილის ექიმები, რომლებიც კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ პაციენტებს. ამასთან, მათ ვისაც დროის პრობლემა აქვს და ექიმთან მისვლას ვერ ახერხებს, მიღებაზე სასურველ კლინიკაში, სასურველ დროს ჩაწერენ”, – განმარტა შველიძემ და დასძინა, რომ ექიმების გარდა, ონლაინ კლინიკაში ოპერატორებიც დასაქმდებიან, რომლებიც ჩივილების მიხედვით, პაციენტებს შესაბამის სპეციალისტთან სატელეფონო კონსულტაციაზე გადაამისამართებენ.

არჩილ შველიძის თქმით, გარდა სატელეფონო და ონლაინ მომსახურებისა, კლინიკა დისტანციურ მკურნალობასაც შეძლებს. ”მოლაპარაკებებს ვაწარმოებ უცხოურ კომპანიასთან, რომელისგანაც შევიძენ საჭირო აპარატურას იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ონლაინ ვაკონტროლოთ. მაგალითად, თუ ჩვენი კლიენტი სახლში გაიზომავს წნევას, სიცხეს ან დიაბეტს, მიღებულ შედეგებს ჩვენი კლინიკის ექიმები ონალინ, სერვერზე დაინახავენ”, – განაცხადა შველიძემ.

მისი განმარტებით, ინოვაციური კლინიკა განსაკუთრებით ხელსაყრელი ქართველი ემიგრანტებისთვის იქნება, რომლებსაც უჭირთ უცხოეთში სამედიცინო კონსულტაციების მიღება. ისინი ონლაინ-რეჟიმში შეძლებენ გამოიკვლიონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ექიმის რჩევები მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები