LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როგორც კი ინათებს, სახანძრო და საავიაციო ტექნიკით ერთდროულად დავიწყებთ მუშაობას”

48

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხანძრის ადგილას დილისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ბაკურიანამდე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

,,ამ წუთას მძლავრი ტექნიკა უკვე ადგილზეა მობილიზებული. დილის 6 საათამდე, იმ ზონებში, სადაც არის გავრცელების საშიშროება გზები იქნება ორგანიზებული. ცოცხალი ძალაც მობილიზებული გვყავს. დილით, როგორც კი ინათებს, როგორც სახანძრო, ასევე საავიაციო ტექნიკით ერთდროულად დავიწყებთ მუშაობას. არის სამი კრიტიკული ზონა, ეს არის ახალი გაშენებული ზონა თორთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე წაღვერის მიმდებარე სერი, სადაც ლოკალიზება უნდა მოხდეს რათა არ გავრცელდეს ცეცხლი და ეს არის სოფელი დაბა, სადაც ნაკლები საშიშროებაა, ამ მომენტში არსებული დინამიკიდან გამომდინარე. სამივე ამ ფრონტზე ორგანიზებულია ცოცხალი ძალა, ტექნიკა არის მობილიზებული. უკვე ადგილზეა ,,ბულდოზერები“, რომლებიც გაიყვანენ გზებს. მოხალისეების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. არსებობს ინფორმაცია, რომ აპირებენ ჩამოსვლას, თუმცა ამის საჭიროება არ დგას. ბაკურიანში დამსვენებლებს არაფერი ემუქრებათ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დამსვენებლებმა არ ინერვიულონ, რადგან იქითკენ გავრცელების საშიშროება არ არსებობს. და ასევე, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამ მომენტში ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ვემზადებით დილისთვის, დილამდე კი ვიმუშავებთ ტექნიკის საშუალებით, შემდეგ კი ყველა შესაძლო საშუალებებით ერთდროულად შევუტევთ სამივე ფრონტს“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ. 

შტაბის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებებისაგან მოისმინა ინფორმაცია თუ რა ქმედებები ჩატარდა ხანძრის საწინააღმდეგოდ. არსებული ვითარების შეფასების შემდეგ, სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებების გეგმა დაისახა.

საგანგებოდ შექმნილ შტაბს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. შტაბის სხდომას ესწრებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების ხელმძღვანელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები