LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება მომავლის სოფელი ? – საწირეს ბიზნეს-პოტენციალი შეისწავლეს

250

იმერეთის რეგიონში მდებარე სოფელ საწირეს ბიზნეს-პოტენციალი შეისწავლეს და მომზადდა 24 ბიზნეს გეგმა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამამუშავებელი საქმიანობის, წარმოების, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში. ამის შესახებ ”ფორტუნას” საწირეში ჩატარებული კვლევის ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,  2016 წლის 28 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტში ჩატარდება კვლევის – „მომავლის სოფელი – კონკურენტუნარიანობის ამაღლება ტურიზმისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით“ პრეზენტაცია და თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართება. კვლევა განხორციელებულია ილიას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ დიმიტრი ჯაფარიძის მიერ.

კვლევის ორგანიზატორთა ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარეობს ინტენსიური დისკუსია სოფლის განვითარების მოდელებისა და საუკეთესო გამოცდილებების თაობაზე, რაც განპირობებულია საჭიროებით, რომ მოიძებნოს სოფლის ეკონომიკის გაჯანსაღების საქმეში ოპტიმალური მიდგომა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აღნიშნული საკითხი საქართველოსთან მიმართებით.

მათივე ინფორმაციით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის მიერ შესწავლილი იქნა სოფლის განვითარების საკითხი სოფელ საწირეს მაგალითზე, რომელიც იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კვლევა წარმოადგენს მცდელობას, თანამედროვე თეორიული ხედვები შეჯერებული იქნეს ქართული სოფლის განვითარების სტრატეგიასთან კონკრეტული ქართული სოფლის მაგალითზე.

”ჩვენი კვლევა ფოკუსირებულია სოფლის განვითარების პროცესში ისეთი უნივერსალური მიდგომების გამოყენებაზე, როგორსაც წარმოადგენს ტურიზმისა და მცირე ბიზნესის გააქტიურება ადგილობრივ ეკონომიკაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კვლევის პროცესში სოციალური კაპიტალის როლსა და მის მნიშვნელობაზე. სოციალურ კაპიტალს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს „საწირეს განვითარების ფონდი“. ფონდის ძალისხმევით, საწირეში დაიგეგმა საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაგან ნაწილი უკვე განხორციელებულია, ნაწილი კი, 2017 წელს დასრულდება.

გარდა თეორიული ნაწილისა, კვლევის ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ძალისხმევა განხორციელდა პროექტის პრაქტიკული განზომილების –  საინვესტიციო მოდელის შემუშავებაზე. კერძოდ, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტების მიერ მოხდა საწირეს ბიზნეს-პოტენციალის შესწავლა და მომზადდა 24 ბიზნეს გეგმა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამამუშავებელი საქმიანობის, წარმოების, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში”, – აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 28 ივლისს,  წარმოდგენილი იქნება აღნიშნული კვლევის შედეგები.

შეხვედრას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს-სექტორისა და საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები