LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი – პროექტზე 50 მილიონი დაიხარჯება

598

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერმა კახა კალაძემ რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად წარადგინა.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტის – „ახალი ტფილისი“ ფარგლებში განახორციელებს. პროექტი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა საცხოვრებელი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის ეტაპებისგან შედგება. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. რეაბილიტაციის შემდეგ მთელ არეალზე მოეწყობა განათებები, დამონტაჟდება ქუჩის ინფრასტრუქტურა და ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება და უბნის საინვესტიციო პოტენციალი, ხოლო დედაქალაქს შეემატება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.

არსებული ინფროამციით, მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები