LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ზამთარი გველის –  ევროპელი ექსპერტების გრძელვადიანი პროგნოზი

49

წელს საქართველოში ზამთარი ნორმაზე თბილი იქნება. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის კლიმატური პროგნოზის ექსპერტების დასკვნით, 2017-18 წლის ზამთარში ჰაერის ტემპერატურა კავკასიის რეგიონში, საკმაოდ მაღალი ალბათობით (80% ნავარაუდევი), ნორმასთან ახლოს, ან ნორმაზე მაღალი იქნება.

საქართველოში მომავალი ზამთრის საშუალო ტემპერატურა სეზონის პირველ ნახევარში ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო მეორე ნახევარში ნორმისფარგლებშია მოსალოდნელი (ზამთრის სეზონის საშუალო ტემპერატურის ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5.7, მთაში +0.2, მაღალ მთაში -4.4, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1.5, მთაში -1.4 , მაღალ მთაში -5.5 გრადუსს შეადგენს).

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელის, დოდო გვაზავას,  განმარტებით, აღნიშნული პროგნოზი არ ნიშნავს, რომ ზამთარში  ყინვა არ დაფიქსირდება და სიცივეები არ იქნება. სეზონის ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია, მნიშვნელოვნად გადაიხაროს ნორმიდან, რის პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინმსწრებითაა შესაძლებელი.

„გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, ზამთარში ნორმიდან გადახრილ სიცივეებს არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება მოკლევადიან პროგნოზს,  წელს ზამთარი საკმაოდ თბილი ამინდებით დაიწყება, 1-5 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს დაბლობში  ჰაერის ტემპერატურა 14 -19 გრადუსი იქნება, მთაში 7-12 , ხოლო მაღალ მთაში 3-8 გრადუსი. შედარებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისში დეკემბრის პირველ დღეები ნალექით დაიწყება, დღე ტემპერატურა 5-7 გრადუსი ხოლო ღამით 2-4 გრადუსი იქნება,“ –  აცხადებს  დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი თბილი ზამთარი 2014-15 წელს დაფიქსირდა.

 

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები