LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია და რა ჯდება საახალწლო სუფრა საზღვარგარეთ

World-Map-Spices_web-e1482754358546

ქართული ახალი წელი ტრადიციული სუფრით და შესაბამისად კერძებითაც გამოირჩევა.

„ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია, რა სახის კერძებს ვხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რა უჯდებათ შორეულ ევროპაში თუ მეზობელ ქვეყნებში საახალწლო სამზადისი.

ისევე როგორც საქართველოში, უცხოეთშიც სხვადასხვა ოჯახებში ფასები და კერძების რაოდენობაც განსხვავებულია, თუმცა საერთო სურათის შექმნაში ჩვენი უცხოელი კოლეგები დაგვეხმარნენ.

 

ესპანეთი

საშობაო სუფრაზე ესპანეთში, დაახლოებით, 2–3 სახის კერძი აქვთ, ძირითადად, ინდაურის ან ღორის ხორცით გაკეთებული, ასევე ბოსტნეულით მომზადებული კერძი და დესერტი.

ასევე, აუცილებლად აქვთ სუფრაზე ზღვის პროდუქტები: კიბორჩხალები, კალმარები და ა.შ. თევზეულის ფასი 5-დან 30 ევრომდე მერყეობს.

ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ფასი, საშუალოდ, 12 ევროა, ღორის ხორცი  6 ევრო ღირს. ქათმის ხორცის შეძენას კი 3 ევროდ შეძლებთ.

ნიგვზის ფასი ესპანეთში 12 ევროა, თაფლის – 8 ევრო.

რაც შეეხება ხილს, ვაშლის ფასი 2,5 ევროა, კარალიოკი 3 ევრო, მსხალი 2,6 ევრო, კივი 6 ევრო, მანგო 2 ევრო, ანანასი 0.80 ევრო.

ბევრად უფრო მაღალი ფასებია ბაზარში. ხოლო სპეციალურად ხილის და ბოსტნეულის მაღაზიებში ამ პროდუქტის შეძენას უფრო იაფად შეძლებთ.

1 კილოგრამი ასაწონი შოკოლადის ფასი 30 ევროა.

რაც შეეხება სასმელს, შამპანიურის შეძენა 8 ევროდ შეგიძლიათ, წითელი ღვინო 12 ევრო ღირს, თეთრი კი 6 ევრო.

ესპანეთში შეძლებთ გოჭის შეძენასაც. მისი ღირებულება წონის მიხედვით გამოანგარიშდება და ერთი კილო 8 ევრო ღირს.

ასე რომ, საშუალოდ ესპანური სუფრა 150–200 ევრომდე ჯდება.

 

სომხეთი

სომხეთში ახალი წლის ღამეს ორი სახეობის ტოლმას ამზადებენ. ვაზის ფოთოლში ე.წ. pasuc dolma და ჩვეულებრივს.

ასევე, თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით ღორის ფეხისგან დამზადებულ კერძს. შედარებით შეძლებულ ოჯახში კი ინდაურსაც ამზადებენ.

საახალწლო სუფრაზე, ასევე, შეხვდებით რამდენიმე სახეობის სალათს, წვენებს, ალკოჰოლური სასმელებიდან  აუცილებელია არაყი, შამპანიური კი – სასურველი.

„სუფრაზე შეხვდებით რამდენიმე სახეობის ყველს, ბასტურმას, სუჯუხს და ხალაძეც. ასევე ერთ–ერთი ტრადიციული კერძია იშლიკ გუფთა. სომხეთში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის ტკბილეული, ხილი, კანფეტები და მშრალი ხილი ანუ ჩირები”, – განაცხადა  ტატო სარქისიანმა.

საშუალოდ, სომხური ახალი წლის სუფრა 150–200 ევრომდე ჯდება.

 

ჩეხეთი

ჩეხეთში ახალი წლის სუფრა „ვანოცი“ 25 დეკემბერს იშლება. ხოლო 31 დეკემბერს პრაღაში „სილვესტერს“ უწოდებენ.

მთავარი კერძები ძირითადად ცოცხალი თევზისგან, კაპრისგან კეთდება, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 10 ევროა.

სუფრაზე, ასევე არის რამდენიმე სახეობის სალათა, მათ შორის, ერთ–ერთი ტრადიციულია ბრამბორაკი – რომელიც გახეხილი კარტოფილისგან მზადდება. ასევე, ხშირია, სუფრაზე სოკოსგან დამზადებული სალათი.

„შედარებით შეძლებულ ოჯახებში შეხვდებით ქათმის, თევზის და ღორის ხორცის ფილეებს, რომლებიც საგანგებოდ მზადდება. წინა ღამეს რძეში ლბება, შემდეგ სხვადასხვა სანელებლებით აზავებენ. ამ მასას კი სიმინდის ფქვილში ამოვლებულს წვავენ“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ არჩილ უთურგაშვილმა.

ჩეხურ ტრადიციულ სუფრაზე დიდ ყურადღებას აქცევენ დეკორატიულ გაფორმებას. აქ შეხვდებით რამდენიმე სახეობის ხილს.

ჩვენს რესპონდენტს, მაგალითად, საახალწლო სუფრისთვის ქოქოსი კაკალში აქვს გამზადებული, რაც საკმაოდ ეგზოტიკურად და ლამაზად გამოიყურება.

სასმელებიდან სუფრაზე, ძირითადად,  ღვინოს შეხვდებით.

რაც შეეხება ფასებს, ახალი წლის დღეებში პრაღაში დიდი ფასდაკლებებია. ახალი წლის ღამეს პროდუქტები ძვირდება, შემდეგ კი  ფასები ისევ ეცემა.

მრავალფეროვანი სუფრის გაშლა პრაღაში 5000 კრონი უჯდებათ, რაც დაახლოებით, 200 დოლარია. შედარებით ნაკლები კერძებით, ახალი წლის სუფრას კი 100 დოლარადაც გააწყობთ.

როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, ახალ წელს პრაღაში უფრო მეტად რესტორნებში ხვდებიან.

 

აზერბაიჯანი


აზერბაიჯანში ახალ წელს ძალიან მდიდრულად არ აღნიშნავენ.

მთავარ კერძად აქ სალათები მზადდება და მათ სუფრაზე სულ მცირე 5 სახეობის ფლავს შეხვდებით.

ახალი წლის სუფრაზე ასევე არის ფლავი და ინდაური.

ახალი წლის მთავარი სიმბოლო კი ციტრუსი „თანგერინია“, რომელიც ფორთოხალს ჰგავს.

„იმის გამო, რომ ჩვენთვის ჩაი ტრადიციულია, ჩაისთან ტკბილეული ყველა ოჯახშია. ამიტომ ჩვენთან ტკბილეული მუდმივად არის და ახალ წელს რაიმე განსაკუთრებულ და განსხვავებულ ტკბილეულს არ ვამზადებთ“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ აიგიულ მეჰმენ.

რაც შეეხება სასმელებს, ამ ღამის მთავარ სასმელს შამპანიური წარმოადგენს, თუმცა სუფრაზე, ასევე, შეხვდებით ღვინოსა და ვისკის.

ტრადიციული კერძებით გაწყობილი სუფრა საშუალოდ 500 – 600 მანათი ჯდება. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობა ახალი წლის კერძებისთვის 200–300 მანათს ხარჯავს.

 

როგორი იცვლება სურსათის ფასები მსოფლიოში წლიდან წლამდე?

FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსმა ნოემბერში ოდნავ დაიწია; 2016 წლის მანძილზე მისი სტაბილური ზრდის ტენდენციიდან ეს მსუბუქი გადახრაა.

ამის მიუხედავად, წინა წლის ამავე თვის მაჩვენებელთან შედარებით, ფასები  10.4%–ითაა გაზრდილი.

მსოფლიოში სურსათზე ფასების ზრდის ტენდენცია საქართველოზეც პირდაპირ აისახება, რადგან ქვეყანა ძირითადად იმპორტირებულ საქონელზეა დამოკიდებული.

სურსათზე ფასების ზრდის მიზეზები:

მსოფლიოში სურსათზე ფასების ზრდას 4 ძირითადი მიზეზი განაპირობებს. მათ შორის, პირველი გაზისა და ნავთობის ფასია. გარდა იმისა, რომ ეს საკვების ტრანსპორტირების ფასს ზრდის, ნავთობისა და გაზის ფასის ზრდის გამო, იზრდება სასუქის ფასიც, შესაბამისად პროდუქტის თვითღირებულებაც.

როგორც უცხოური ბიზნესგამოცემები წერენ, მსოფლიოში საკვების ზრდის მეორე მიზეზი სიმინდის, როგორც საწვავი პროდუქტის გამოყენებაა.

“ამერიკის შეერთებული შტატები სუბსიდირებს სიმინდის მოყვანას, რომელიც ბიო–საწვავად გამოიყენება. სიმინდის, დანიშნულების ზრდა და საკვები პროდუქტის გარდა მისი გამოყენება, ზრდის ამ პროდუქტის ფასს”, – წერს “ეკონომისტი”.

მესამე მიზეზი: მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია ზღუდავს ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მიერ სუბიდირებული სიმინდისა და ხორბლის ოდენობას.

მეოთხე მიზეზი კი ყველასთვის ისედაც ცნობილია – მსოფლიოში სასურსათო კრიზისი.

სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიოში ადამიანების რაოდენობა, შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიირთმევს ხორცს. მარცვლეულის ფასი, კი რომელთა მეშვეობითაც ის ცხოველები იკვებებიან, რომელთაგანაც ხორცს ვიღებთ, როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, იზრდება.

შესაბამისად, ფასების მუდმივი ზრდა გარდაუვალია… როდემდე, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.

 

თამთა უთურგაშვილი