LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ინტერნეტის ხარისხი და ფასები საქართველოში?

951

ინტერნეტის ქართულ ბაზარზე კონკურენცია არც ისე დიდია. მთავარი პროვაიდერები, რომლებიც მომხმარებლებს სრულ პაკეტს სთავაზობენ, ”მაგთიკომი” და „სილკნეტი“ არიან.

ორი მთავარი მოთამაშე ბაზარზე მას შემდეგ დარჩა, რაც “მაგთიკომმა” ჯერ “კავკასუს ონლაინი”, შემდეგ კი “დელტა კომი” შეისყიდა.

“კავკასუს ონლაინის” მომხმარელების ნაწილი, რომლებიც ავტომატურად “მაგთის” აბონენტები გახდნენ, აღნიშნავს, რომ ამ ცვლილების შემდეგ, ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე დავარდა.

ამის შესახებ ჩვენთან “მაგთიკომის” მომხმარებლები საუბრობენ:

 

“რაც კავკასუსი მაგთიმ შეიძინა, ინტერნეტი იმ დღიდან გაფუჭდა. განსაკუთრებით პრობლემური საღამოობითაა და იმდენად ჭედავს, რომ ოფისში 2-3–ჯერ დარეკვა გვჭირდება, რომ გადატვირთონ. თუ უახლოეს მომავალში რამე არ შეიცვლება, მაგთის აბონენტი აღარ ვიქნები”.

 

”რაც მაგთიზე გადავიდა ძალიან შენელდა. როცა ოფისში ვრეკავ და ვეუბნები, მპასუხობენ, ჩვენგან შეფერხება არ არის, თქვენი პრობლემააო”.

 

0121-thumb-100021271-orig”მაგთის ინტერნეტითა და ტელევიზიით ვსარგებლობ, 45-ლარიანი პაკეტით. ინტერნეტს აქვს გარკვეული პრობლემები: წყვეტები, სიჩქარის შენელება, მაგალითად მაშინ, როდესაც ფილმს ვუყურებ ონლაინში ან რაიმეს youtube-ზე. ჩემი აზრით, გლობალური ინტერნეტ რესურსი აქვთ დასამატებელი ან ბევრი სვიჩების გავლით მოდის საბოლოო მომხმარებლამდე რესურსი და ამის გამოა პრობლემები”.

თუმცა ეს პრობლემა არ ეხება მომხმარებელთა მეორე ნახევარს:

”არაფერი შეცვლილა. ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი ზუსტად ისეთივეა, როგორიც აქამდე იყო. კმაყოფილი ვარ”.

 

”ბაზარზე ყველაზე კარგი ინტერნეტი მაგთის აქვს, როგორც სახლის, ასევე მობილურის. არ მქონია რაიმე განსაკუთრებული პრობლემა მას შემდეგ, რაც მაგთის აბონენტი გავხდი”.

კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემური შემთხვევები ცხელ ხაზზე არ დაფიქსირებულა. “მაგთის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ბაჩო მიქელაძის განცხადებით, უშუალოდ “მაგთიკომის” ინტერნეტს პრობლემები არ აქვს.

შენელებულ სიჩქარესა და პრობლემებზე საუბრობენ silknet-ის მომხმარებლებიც:

original”ზოგადად კმაყოფილი ვარ სილკნეტით. ინტერნეტი, ტელევიზია და ტელეფონი ერთად მაქვს. თუმცა, ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით საღამოს საათებში ინტერნეტის სიჩქარე ნელდება ან საერთოდ ითიშება”.

”რამდენიმე კვირაა ფილმის ყურება ონლაინში შეუძლებელი გახდა. ადრე ეს პრობლემა არ მქონდა. რამდენჯერმე იყვნენ მოსულები ოფისიდან ინტერნეტის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ საღამოობით სიჩქარე მაინც იკარგება”.

ისევე როგორც “მაგთის” მომხმარებლების ნაწილს, ეს პრობლემები არ შეხებია “სილკის” მომხმარებლების გარკვეულ კატეგორიას:

”ყველაფერი ნორმალურად არის. რა პაკეტიც მაქვს აღებული, იმის შესაბამისი ინტერნეტი მაქვს. პრობლემები იშვიათად, მაგრამ მაინც არის. თუმცა არა შემაწუხებელი”.

”დიდი ხანია სილკნეტის მომხმარებელი ვარ და განსაკუთრებული პრობლემები არ მქონია. კმაყოფილი ვარ იმ სიჩქარით და მომსახურებით, რაც ამ კომპანიას აქვს”.

ამ კომენტარების საპასუხოდ ”სილკნეტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თეონა წერეთელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სილკის ინტერნეტს ზოგადად პრობლემები არ აქვს. ინდივიდუალური შემთხვევების აღმოსაფხვრელად კი კომპანია სწრაფ ღონისძიებებს ატარებს – დისტანციურად ან ადგილზე ჯგუფის მისვლით.

”ინტერნეტით უკმაყოფილების ტენდენცია არ დაფიქსირებულა. ინდივიდუალურ შემთხვევებს კი ჩვეულებისამებრ დისტანციურად (ტელეფონის მეშვეობით) ან ადგილზე სპეციალური ჯგუფის მისვლით ვწყვეტთ. ამ კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება ადგილზე ხაზის პრობლემა იყო, ან მიერთების პრობლემა”, – განაცხადა ”ფორტუნასთან” თეონა წერეთელმა.

რა თქმა უნდა, სხვა საშუალებებიც და კომპანიებიც არის იმისთვის, რომ ინტერნეტი გქონდეთ, თუმცა ამ სტატიაში ამ ორ ყველაზე მსხვილ კომპანიას შევეხეთ, რადგან ისინი ბაზარზე მთავარი მოთამაშეები არიან და საბაზრო ფასსაც ისინი აწესებენ.

ინტერნეტის საუკუნეში, საქართველოში უინტერნეტობასა და დაბალ სიჩქარეზე უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ინტერნეტის ხარისხის მაკონტროლებელი რაიმე საშუალება.

ამასთან, იმის გაგება, რატომ მიდის ცუდი ხარისხი აბონენტამდე, ბევრ პარამეტრთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ტრაფიკის და ინტერნეტის ხარისხის მართვა რთულია.  დაბალი სიჩქარე შესაძლებელია იყოს ოპერატორის, მონახულებული ვებ-გვერდის, კაბელის ან სხვა უამრავი მიზეზის ბრალი. ამასთან, შეუძლებელია გაკონტროლდეს მილიონ მომხმარებელთან როგორი სიჩქარე მიდის და ასრულებენ თუ არა კომპანიები ვალდებულებას.

“სინამდვილეში არსებული მოხმარება და სიჩქარის ინტერნეტის მიღების შესაძლებლობები გაურკვეველი რჩება. ეს არის თეთრი ლაქა და ქმნის წინაპირობას,
რომ ვერ შევაფასოთ, რომელი მხარე იტყუება. მომხმარებელი იტყუება თუ რომელიმე
დონეზე იტყუება ინტერნეტის მომწოდებელი, კომპანია და ორგანიზაცია”, – ვკითხულობთ IDFI-ს ერთ-ერთ კვლევაში, რომლის ქვეთავი სწორედ ინტერნეტის სიჩქარის პრობლემას ეხება.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კონკრეტული მომხმარებელი პრეტენზიით მიმართავს და აღმოჩნდება, რომ პროვაიდერი მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების ვალდებულებებს არ ასრულებს, კომისია საჩივარს განიხილავს. ამ შემთხვევაში ინტერნეტის სიჩქარის შემოწმებაც ხდება.

“კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სიჩქარის კონტროლის მექანიზმების შემუშავების ვალდებულება აკისრია. კომისიაში კონკრეტულ შემთხვევებზე კონკრეტული განაცხადი მიიღება (მომხმარებელთა უფლებების დამცველთან) და შესაბამისად ხდება რეაგირება. ის, რომ ვნახოთ ვის როგორი ინტერნეტი მიეწოდება, ტექნიკურად შეუძლებელია. დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი აბონენტი არის ინტერნეტის მომხმარებელი და ამ სტატისტიკური მონაცემების ნახვა ძალიან ძნელია”, – განაცხადა “ფორტუნასთან” კონკურენციიის დეპარტამენტის უფროსმა დავით გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა თამთა ტეფნაძემ “ფორტუნასთან” საუბარში განაცხადა, რომ ინტერნეტმომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, მათ სამსახურში ყველაზე მეტი საჩივარი შედის. რაც ადასტურებს იმას, რომ  ყველაზე აქტუალური საკითხი მომხმარებლისთვის ინტერნეტმომსახურება და ხარისხია.

“მომსახურების ხარსხის კონტროლი, მონიტორინგის რაიმე სისტემა დღეს საქართველოში არ არსებობს. კომისიაში აქტიური პროცესია დაწყებული, რომ მალე შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც მომსახურების ხარისხის კონტროლის საშუალებას შექმნის და მონიტორინგის მეთოდოლოგიასაც გაწერს. თუმცა მანამდე, როგორც წესი, ჩვენ სამსახურში შემოსული საჩივრები დადებითად წყდება და ჩვენი რეაგირების შედეგად, კომპანიები ცდილობენ უხარისხობის პრობლემა დროულად აღმოფხვრან”, – განაცხადა თამთა ტეფნაძემ.

მისივე თქმით, საჩივრების გადაწყვეტა ძირითადად, კომპანიის მხრიდან ერთგვარი კომპენსაციით ხდება. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჯგუფების ადგილზე გასვლა და სიჩქარის მონიტორინგი ხორციელდება.

“როდესაც ხარისხსა და სიჩქარეზეა საჩივარი, გამონაკლის შემთხვევაში, ადგილზე გასვლა და ხარისხის/სიჩქარის მონიტორინგიკომისიის აპარატის შესაბამისი სპეციალობის მქონე პირისა და სერვის პროვაიდერი კომპანიის წარმომადგენელის ჩართულობით ხორციელდება. ასეთი შემთხვევები იშვიათია, რადგან გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე კომპანიებს აქვთ ვალდებულება გამოიყენონ საკომპენსაციო მექანიზმი და მომხმარებლებს გადაუანგარიშონ სააბონენტო თანხა(ანუ აბონენტები არ იხდიან იმ კონკრეტული დღეების გადასახადს, როდესაც მათ ინტერნეტი ცუდად ან საერთოდ არ მიეწოდებოდათ) და მომხმარებლები ამით კმაყოფილდებიან”, – განაცხადა თამთა ტეფნაძემ.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ინტერნეტ მომსახურების ხარისხის შესახებ სტანდარტიზებული, აბონენტებისათვის გასაგებ ენაზე ჩამოყალიბებული იმ პარამეტრების ჩამონათვალი განისაზღვროს, რომელთა გამჭვირვალობაც (ხელშეკრულებებში უნდა ასახონ) ინტერნეტ პროვაიდერებმა უნდა უზრუნველყონ.

“აუცილებელია დაინერგოს მონიტორინგის მეთოდოლოგია,  რაც საშუალებას მისცემს აბონენტებს თითოეულ იოპერატორის ჭრილში მიიღონ მართებული, ადექვატური და ურთიერთშედარებადი ინფორმაცია მიწოდებული ინტერნეტის ხარისხის შესახებ და მიიღონ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება მომსახურების მიმწოდებლისა თუ სამომხმარებლო პაკეტის არჩევის დროს”, – აღნიშნა თამთა ტეფნაძემ.

ამ ეტაპზე რამდენად არის იმის შანსი, რომ კომპანიებმა მომხმარებელს უკეთესი ხარისხი და სერვისი შესთავაზონ, მაშინ, როდესაც კონკურენცია დაბალია, რთული სათქმელია.

თუმცა აღსანიშნავია, რომ კლიენტების მოსაზიდად ორივე კომპანია მომხმარებლებს სიახლეებს პერმანენტულად სთავაზობს.

რაც შეეხება ფასებს – მაგთის DLS ინტერნეთის ფასი 50 ლარიდან იწყება (მინი 3 მბ/წმ), მაქსიმალური კი 70 ლარიანი პაკეტია (8 მბ/წმ).

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ფასები კი მაგთიში 27 ლარიდან იწყება (10 მბ/წმ) და მაქიმალური ფასი კი 100 ლარია (100 მბ/წმ).

Silknet- ის DLS ინტერნეტის ფასი კი 24 ლარიდან იწყება (3მბ/წმ) და 65 ლარამდე ადის (8 მბ/წმ).

ოპტიკური ინტერნეტის ფასი აქ 26 ლარიდან იწყება (10მბ/წმ) და 100 ლარამდე ადის (100მბ/წმ)

“სილქნეტი” ინტერნეტ ქსელით ემსახურება 211 400 აბონენტს, რაც top.ge-ის მონაცემებით ბაზრის 48.89%-ს შეადგენს. “მაგთი” კი ინტერნეტით 163 240 აბონენტს უზრუნველყოფს.

თამთა უთურგაშვილი