LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სავაჭრო ცენტრში გაიხსნება H&M-ის პირველი მაღაზია საქართველოში?

136

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილ კომპანია „თბილისი პლაზასა“ და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რითეილერ H&M-ს (Hennes & Mauritz) შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად „გალერია თბილისში“ H&M-ის მაღაზია 2017 წელს გაიხსნება.

როგორც „ფორტუნას“ ფონდიდან აცნობეს, H&M „გალერია თბილისისთვის“ პირველი რითეილერია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა.

მათივე ინფორმაციით, იმისთვის, რომ „გალერია თბილისი“ყველაზე მიმზიდველ სავაჭრო ცენტრად იქცეს ქართველი მომხარებლებისთვის, ფონდი კომპანია „თბილისი პლაზას“ გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს სხვა ახალი ბრენდების შემოყვანის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით „გალერია თბილისის“ პროექტი, გასული წლის მსგავსად 2016 წელსაც იქნება წარმოდგენილი ქ. კანში, უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე “MAPIC 2016”.

„გვეამაყება, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ძალისხმევით მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი განახლდა და 2017 წლისთვის დედაქალაქს „გალერია თბილისის“ სახით თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუში შეემატება. ეს იქნება ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი, რომელიც ვიზიტორებს გართობისა და დასვენებისთვის მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. მოხარული ვართ, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას H&M-თან.  „გალერია თბილისი“ ქართველ მომხმარებლებს კიდევ არაერთ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს“, – განაცხადა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა  დირექტორმა  გიორგი ბაჩიაშვილმა.

შეგახსენებთ,  „გალერია თბილისი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს ძირითადი სამშენებლო სამუშაოები. სავაჭრო ცენტრის გრანდიოზული გახსნა 2017 წლის სექტემბერში იგეგმება.