LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია მთავარი ოპოზიციური ძალა

123

რომელია მთავარი ოპოზიციური ძალა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სულ უფრო რთულდება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, ეს ის პარტიაა, რომელმაც ხელისუფლების შემდეგ ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. ასეთი კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

თუმცა, ეს ფორმალურად, რადგან არჩევნებიდან ძალიან მალე ამ პარტიას ერთი ძლიერი გუნდი გამოეყო და ახალი ოპოზიციური პარტია შექმნა. ეს კი, ცხადია, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს. ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის – „რესპუბლიკელების“ გაყოფა და მათი ყოფილი ლიდერის მიერ ახალი პარტიის შექმნა. გარდა ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი პროდასავლური პარტიის – ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“, ლამის, დაშლა, პარტიიდან ლიდერების წასვლის გამო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციაში ვითარება მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და ამას უნდა დაემატოს პრორუსული ძალების გაძლიერება, თუნდაც მართი ერთი ნაწილის პარლამენტში მოხვედრით. ამიტომაც ამ არჩევნებს არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გადანაწილდება პოლიტიკური სპექტრი.

მეორე საკითხი კი, რაც მთავარი ოპოზიციური ძალის არსებობა-არარსებობას ეხება, არის ის, თუ ეს ძალა რამდენად იღებს ხელში ლიდერის სადავეებს, თუნდაც ხელისუფლებასთან ოპონირების და გარკვეულწილად, პოლიტიკური პროცესების მართვის თვალსაზრისით. დღეს არსებული რეალობა კი აჩვენებს, რომ ოპოზიცია, მცირე გამონაკლისების გარდა, მაგალითად, კონსტიტუციის ცვლილება, რაზეც ოპოზიციამ ერთი პოზიციის დაკავება მოახერხა, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ერთი პოზიციის ჩამოყალიბებას და გაერთიანებას ვერ ახერხებს. იმის გამო, რომ ამ არჩევნებზე ეს საკითხიც დაკავშირებულია, უფრო აქტუალური ხდება, რომელი პოლიტიკური პარტია მოიაზრება ხელისუფლების მთავარ ოპონენტად. თავად ოპოზიციურ პარტიებში განსხვავებული ხედვები აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი პატარაიას განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ოპონენტი სწორედ რომ „ნაციონალური მოძრაობაა“. მისივე თქმით, ამას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და არაერთი გამოკითხვის პასუხები ადასტურებს. 

შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზეც დაფიქსირდა, რომ ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე მეტი ხმა სწორედ ჩვენმა პარტიამ აიღო. ეს კი იმ პირობებში მოხდა, როდესაც პარტიას მთელი სახელმწიფო ებრძოდა. ამ პირობებში დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმა ავიღეთ. აი, ამიტომ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა და  ასევე,  ყველა გამოკითხვით, ხელისუფლების შემდეგ ჩვენ მეორე ადგილზე ვართ. ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა,“ – განაცხადა გიორგი პატარაიამ.

პატარაია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურში ვინც უნდა გავიდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ყველა ოპონენტს მხარი დაუჭიროს.

„ვინც უნდა გავიდეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ. პირველი ტურის გამოყენება, მე ვფიქრობ, საჭიროა იმ ადამიანების  დასარწმუნებლად, რომ პრაიმერი ჩატარდეს,“ – დასძინა პატარაიამ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევენ “რესპუბლიკურ პარტიაშიც“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ეს ასე იმ უბრალო მიზეზით ხდება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ტრადიციული ამომრჩეველი ჰყავს. 

„ძალიან ძნელია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვინმე შეიერთოს, პირიქით – იქ სხვა პროცესი მიდის „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით. ამ პარტიამ რომ შეიერთოს ვინმე, ამომრჩეველი, ალბათ, არ მოუწონებს. მათ ჰყავთ ერთგული ამომრჩეველი, ამიტომ მათთან გაერთიანება ძნელია და მათაც არ უნდათ არავისთან გაერთიანება. რაც შეეხება ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას, ეს არასოდეს არ არის ჭკვიანური აზრი. ნინო ბურჯანაძესთან და ირმა ინაშვილთან გაერთიანება, არამგონია, ევროპული ორიენტაციის პარტიებისთვის გონივრული იყოს,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ უკვე წლებია,  მთავარ ოპონენტად ყოფილი ხელისუფლება, ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება. უსუფაშვილის შეფასებით, სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუტანა უამრავი ზიანი ამ ქვეყანას და ამ პრობლემებს გამკლავება სჭირდება.

„ჩვენი ოპონენტია თავად ვითარება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან აწყობთ, რომ ერთმანეთთან კინკლაობაში საკუთარი მიზნების მიღწევა უზრუნველყონ და ქართველი ხალხი ვამყოფოთ ამ ორი ძალის ვითომ კონკურენცია-დაპირისპირების პირობებში. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან იმ ცვლილებებისთვის, რაზეც ვსაუბრობთ, ამ პროცესში ჩვენი მომხრეები არიან. ჩვენ ვერ გავუმკლავდებით იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში და საერთაშორისო არენაზეა, თუ ასე გავაგრძელეთ. ამიტომ ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ამ ქვეყნის შენება სჭირდება. ყველა სხვა დანარჩენი ოპონენტია,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

„შენების მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, საქართველო ქართული პოლიტიკის ცვლილება სჭირდება, რაც გადის იმ გზაზე, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, მიიღოს მოსახლეობის მხარდაჭერა და, აქედან გამომდინარე,  საუბარი იყოს კოალიციებზე.

„ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებთანაც აღმოგვაჩნდება შესაძლებლობები, რომ ჩვენი პროგრამები გავაერთიანოთ. პოლიტიკოსების ერთობაზე დაფუძნებული ერთობა უნდა დასრულდეს. პროგრამების და ხედვების ერთიანობაზე დაფუძნებული კოალიციები გვჭირდება. ესაა პოსტსაარჩევნო კოალიციები,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

განსხვავებული ხედვა აქვთ პარტიებში „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. ოპოზიციური პარტიები მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაციონალურ მოძრაობას“ სრულიად არ მიიჩნევენ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას, თქმით, „ქართული ოცნების“ რეალური ოპოზიცია და ალტერნატივა ამ არჩევნებზეც და გრძელვადიანი ვადითაც არის სწორედ „ევროპული საქართველო“. 

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი გიორგი გუგავა კი ხელისუფლების მთავარ ოპონენტად საკუთარ პარტიას ასახელებს, შესაბამისი არგუმენტაციით:

„ჩვენ ვუპირისპირდებით სისტემას, ოლიგარქიულ, მსხვილ, მონოპოლისტთა ჯგუფს, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული ხელისუფლება. დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს ხელისუფლების ჩანაცვლება უნდათ, რომ იგივე სისტემა შეინარჩუნონ და იგივე გააკეთონ. თუ ჩვენ გვინდა, გამოვიდეთ ამ კატასტროფიდან, მოჯადოებული წრიდან და ხელიდან გამოვგლიჯოთ ოლიგარქებს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მომავალი და შევქმნათ სამართლიანი, სოციალურად დაცული გარემო და პოლიტიკური სისტემა, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი ნამდვილი ოპოზიციური ძალა არის „ლეიბორისტული პარტია,“ – აცხადებს გიორგი გუგავა. 

მისივე თქმით, ერთადერთი რეალური ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია, თვისობრივად შეცვალოს პოლიტიკური სისტემა, სწორედ „ლეიბორისტული პარტიაა“.

„თავისუფალი დემოკრატებში“ კი, თუ ვინ მიაჩნიათ ხელისუფლების მთავარ ოპონენტად,  კონკრეტული ოპოზიციური პარტიის დასახელებისგან თავს იკავებენ.

 „მე ვფიქრობ, არ იქნება მიზანშეწონილი ასეთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან პასუხის გაცემა გამოიწვევს გარკვეულ განაწყენებას ოპოზიციურ ძალებს შორის. ეს შეკითხვა არის ხელისუფლებისთვის სასარგებლო, მე კი რადგან   ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი ვარ, ხელისუფლებისთვის სასარგებლო ნაბიჯებს არ გადავდგამ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება შესაცვლელია,“ – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა შალვა შავგულიძემ.  

 

 

 

თათია კაკიაშვილი