LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები და უნივერსიტეტები

397

ბიზნესი, სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები – ასეთია  იმ ფაკულტეტების სამეული, რომელიც აბიტურიენტებს შორის ყველაზე მოთხოვნადია.

რაც შეეხება უფასო ფაკულტეტებს, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ ბაკალავრიატის პროგრამებს შორის, აბიტურიენტებს გამოკვეთილი ინტერესი ისტორიის, ქართული ფილოლოგიისა და არქეოლოგიის მიმართ აქვთ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, გამოკვეთილია სამშენებლო მიმართულებისადმი ინტერესი.

”პირველი არჩევანით თუ ვიმსჯელებთ, ცოტა ხნით დავივიწყოთ ფაკულტეტები, რომელთაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს, ნამდვილად იკვეთება ინტერესი სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების და ბიზნესის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ ”უფასო ფაკულტეტებს”, ამ მიმართულებითაც სერიოზული ინტერესია აბიტურიენტების მხრიდან. გამოკვეთილია ისტორია, ქართული ფილოლოგია, არქეოლოგია. აშკარად გამოიკვეთა სამშენებლო მიმართულება. სერიოზული კონკურსია ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია”, -აცხადებს მიმინოშვილი.

მაია მიმინოშვილი აღნიშნავს, რომ წელს არაქართულენოვანი აბიტურიენტების მხრიდან ქართული ენის მომზადების პროგრამაზე მოთხოვნა გაზრდილია.

რაც შეეხება, აბიტურიენტების არჩევანს უმაღლეს სასწავლებლებლებთან მიმართებაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს, ასევე, მოთხოვნადია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოთხოვნად სასწავლებელთა ხუთეულში სამედიცინო უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია და კონსერვატორიაც შედის.