LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომი – რჩევები რომში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

რომი – პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი: ქალაქი, რომელშიც ერთიანდება მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა.
მარადიული ქალაქი არა მარტო დროის, არამედ სივრცის ყველა კანონს არღვევს. აქ არასოდეს არ იცი, რა გელოდება მომდევნო ნაბიჯზე…
აქ არასოდეს გტოვებს განცდა, რომ ხარ – გრანდიოზული სპექტაკლის მაყურებელი.

 

კოლიზეუმი

ძველრომაული ამფითეატრი და რომის ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ქალაქის სიმბოლო გახდა. მას უნახავს გლადიატორების ბრძოლა და რეალიზაციის მასშტაბებით განცვიფრებას იწვევს.
კოლიზეუმი 188 მეტრია 156 მეტრზე, ის ყველაზე დიდი ძველრომაული ამფითეატრია მსოფლიოში.
სამუშაო საათები: ყოველდღე – 8:30-19:00, ბილეთის ღირებულება: 12 ევრო.

 

რომის ფორუმი და პალატინი

რომის ფორუმი – ძველი რომის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი, სადაც თავმოყრილია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობები, რომელიც დღეს ნანგრევებად არის ქცეული. პალატინი – უძველესია შვიდი ბორცვიდან. როდესაც რომის ფორუმზე საკმარისი ადგილი აღარ იყო, საქალაქო ნაგებობები მეზობელ პალატინიზე გადაიტანეს.
ერთიანი ბილეთი საშუალებას იძლევა ეწვიოთ ფორუმსაც და პალატინსაც.
რჩევაა, რომ გახსნისას მიხიდვეთ, სანამ უამრავი ტურისტი მოიყრის თავს. ფორუმი ასევე ლამაზია დაისის დროს.

 

ვენეციის მოედანი და ვიტორიანო

ვენეციის მოედანი (piazza Venezia) რომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაჯვარედინია. აქ იწყება კორსოს ქუჩა (via del Corso), რომელიც მთავრდება პოპოლოს მოედანზე (piazza del Popolo). სწორედ ეს გახლავთ ქალაქის სავაჭრო არტერია.
გაცხოველებული მოძრაობის მიუხედავად, ვენეციის მოედანი ბრწყინვალეა, ძირითადად ვიტორიანოს მონუმენტის გამო, რომელიც მეფე ვიქტორ ემანუილ II პატივსაცემად აიგო.
ვენეციის მოედანზე საზეიმოდ აღინიშნება რესპუბლიკის დღე (2 ივნისი), ხოლო ახალი წლის ღამეს კონცერტები აქ ეწყობა.
შოპინგის მოყვარულებმა კი შეგიძლიათ კურსი ვია კორსოდან აიღოთ, გზად ყველაზე პრესტიჟული მარკების მაღაზიები შეგხვდებათ.

 

პანთეონი

პანთეონი – ყველა წმინდანის ტაძარი, ქრისტიანული ნაგებობა, რომელიც წარმართულ ღმერთებს ეძღვნება. ის ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში აშენდა როგორც წარმართული ტაძარი, VII საუკუნეში კი ქრისტიანული ბაზილიკა გახდა.
პანთეონში ცნობილი ადამიანების საფლავებია, მათ შორის რაფაელის და მეფე ვიქტორ ემანუილის.
ორშაბათი-შაბათი: 9:00-19:30, კვირა – 9:00-18:00. შესვლა უფასოა.

 

ტრევის შადრევანი

ტრევის შადრევანი კოლიზეუმს ეპაექრება რომის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის წოდებისთვის. შთაბეჭდავი შადრევანი მთელ პატარა მოედანს იკავებს, რომელიც პოლის სასახლეზეა მიყრდნობილი.
ღამე შადრევანი გამორთულია და აუზი ცარიელდება, რათა მეორე დილით ისევ აივსოს.

 

ნავონის მოედანი

ნავონის მოედანი – რომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი მოედანია. ორივე მხრიდან და ცენტრში შადრევანია, ორი მათგანი თვით ლორენცო ბერნინის ნამუშევარია. ყურადღებას იპყრობს წმინდა აგნესას მდიდრული ეკლესია.
აქ საშობაო დღეებში, 6 იანვრამდე ბაზრობა იმართება.

 

წმინდა პეტრეს ტაძარი

გეოგრაფიულად უკვე არც რომში ვართ და არც იტალიაში, ეს ვატიკანია – დამოუკიდებელი სახელმწიფო.
აქ სან პიეტროს მოედანზეა ამავე სახელწოდების ბაზილიკა – ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი რელიგიური ნაგებობა მსოფლიოში.
შესლა უფასოა, მაგრამ ხშირად დიდი რიგებია. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მოქმედი ტაძარია და შორტები, მინი-კაბები და დაუფარავი ტანი აკრძალულია.
ტაძარში ხელოვნების მრავალი შედევრი ინახება, მათ შორის მიქელანჯელოს „პიეტა“.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გუმბათიდან გაშლილი პანორამა. ასვლა ფასიანია და დამოკიდებულია იმაზე ლიფტით ახვალთ თუ ფეხით.

 

ესპანეთის მოედანი

სახელგანთქმულ ესპანურ კიბეს გვირგვინად ეკლესია ადგას, მის კიბეებზე უყვართ ჩამოსხდომა ტურისტებსაც და რომაელებსაც. კიბის დასაწყისშია შადრევანი „ნავი“ ბერნინი-მამის ნამუშევარი.

 

კარაკალას თერმები

ძველი რომაელების ყოველდღიურ ცხოვრებაში თერმებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. კარაკალას უბრალო ხალხიც სტუმრობდა, მაგრამ თავად ნაგებობა ელეგანტურობას და სილამაზეს მოკლებული არ ყოფილა.

 

მალტელი რაინდების მოედანი

რომში მალტელი რაინდების ისტორიას ღრმა ფესვები აქვს. მოედანზე (piazza dei Cavalieri di Malta) იმიტომ უნდა მიხვიდეთ, რომ გაიხედოთ საკლიტეში და წმინდა პეტრეს გუმბათის ცნობილი ხედი იხილოთ. ჭუჭრუტანას ხშირად „რომის ხვრელს“ უწოდებენ.
ბონუსად ეწვიეთ ფორთოხლის ბაღს გასაოცარი პანორამით.

 

ის, რაც უნდა გააკეთოთ რომში

 

დაისვენეთ ვილა ბორგეზეზე

ვილა ბორგეზე – გასაოცარი სილამაზის საზოგადოებრივი პარკია, რომელიც რომის ცენტრიდან ჩრდილოეთით არც თუ შორსაა. თუ გსურთ პიკნიკის მოწყობა ან დედაქალაქის ხმაურს გაექცეთ, ეს კომპლექსი ზედგამოჭრილია, მით უმეტეს, რომ აქ შეგიძლიათ დატკბეთ რუბენსის, კარავაჯოს, ვან გოგის, მონეს შედევრებით, რომლებიც გამოფენილია ვილის მუზეუმებში. გალერეაში ბილეთის ყიდვას წინასწარ გირჩევთ, რადგან დამთვალიერებლებს ჯგუფებად ორ საათში ერთხელ უშვებენ.
ბავშვებისთვის მუშაობს ატრაქციონების პარკი და ბიოპარკი სპილოებითა და ვარდისფერი ფლამინგოებით.

და კიდევ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საამაყო: აქ არის… შოთა რუსთაველის ძეგლი

 

ეწვიეთ მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოს

ციცქნა ვატიკანში მოსახლეობის უდიდესი სიმჭიდროვეა და არანაკლებ მაღალია ძეგლების, მუზეუმების და ღირსშესანიშნაობების კონცენტრაცია.
ვატიკანში ათობით საინტერესო მუზეუმია, მათ შორისაა ეტრუსკების და ეგვიპტის მუზეუმები, ბიბლიოთეკა სახარების უძველესი ტექსტით და ტიციანიასა და ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრებით მორთული პინაკოთეკა.
ვატიკანის მუზეუმებში შესვლა 16 ევროა, სამუშაო დრო კი ორშაბათი-შაბათი – 9:00-18:00 სთ.

 

სეგვეით გაისეირნეთ ტრასტევერეზე

ვიწრო ქუჩები, იტალიური კერძების არომატი და ქუჩის მუსიკოსების მელოდიები: ტრასტევერეს მყუდრო რაიონი ვატიკანიდან სამხრეთით მდებარეობს და რომანტიკოსებისთვისაა.
ცალკე ყურადღების ღირსია ვილა ფარნეზინა, სადაც ლიმონის ბაღში გაისეირნებთ და რაფაელისა და მისი მოწაფეების ფრესკებით დატკბებით. თუ სიარულით დაიღლებით, სეგვეი იქირავეთ და ბორცვის წვერამდე აისეირნეთ, საიდანაც რომზე სულისშემძვრელ ხედს იხილავთ.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი – 9:00-14:00, კვირა დასვენებაა. უფროსებისთვის შესვლა 6 ევროა, 10 წლამდე კი უფასოა.

 

შეიყვარეთ იტალიური სამზარეულო

გასტრონომიული ტურის და რომის ღირსშესანიშნაობების შეთავსება რთული არ იქნება. აი მაგალითად: დილით მიირთვით კაპუჩინო წმინდა მარიას ბაზილიკაზე ხედით. შუადღეს იყიდეთ Old Bridge Gelateria-ში ყველაზე გემრიელი ნაყინი. მოგვიანებით დააგემოვნეთ პასტა ტრიუფელებით Osteria Barberini-ში ესპანურ კიბესთან. საღამოს კი ვახშამზე მიირთვით პიცა და ღვინო გასტროპაბში La Prosciutteria ტრევის შადრევანთან.

დახედეთ რომს ზემოდან

რომი შვიდ ბორცვზეა გაშენებული. თითოეული მათგანიდან ქალაქი განსაკუთრებულად იშლება: იქნება ეს მშვიდი პეიზაჟები თუ ღამის ფორუმი კაპიტოლიუმით.
ყველაზე მაღალი დასათვალიერებელი მოედანი წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათზეა. ტიბრის და ტრასტევერეს მხატვრული პანორამები იშლება წმინდა ანგელოზის ციხესიმაგრის მოედნიდან. ვიტორიანოს მონუმენტის წვერიდან კი ხელის გულივით მოჩანს კოლიზეუმი და რომის ფორუმი.

 

ესენიც არ გამოტოვოთ

 

კაპიტოლიუმის მოედანი – მიქელანჯელოს ტოტალური პროექტი

კაპიტოლიუმის ბორცვზე იდგა რომის მთავარი ტაძარი – დიადი იუპიტერის, შუასაუკუნეებში აქ ქალაქის საბჭო მართავდა სხდომებს, რომლის წევრები სენატორებად იწოდებოდნენ. მათთვის ძველრომაული არქივების ნარჩენებიდან სენატორის სასახლე (Palazzo Senatorio, ამჟამად მერია), ააგეს, რომელიც მოედნის პანორამას ასრულებს. შესასვლელთანაა რომის სიმბოლოს, კაპიტოლიუმის ძუ მგლის კოლონები.

 

პალაციო ბარბერინი – პირველი კლასის მუზეუმი რიგის გარეშე

სასახლეში, რომელიც პაპი ურბან VIII-სთვის კარლო მადერნომ ააგო, თავმოყრილია ათეულობით დიდი შედევრები (კარავაჯო, ტინტორეტო, რაფაელი). მათი უმრავლესობა მეორე სართულზეა, თუმცა პირველზე რენესანსის დარბაზებსაც ვერ გამოტოვებთ.

 

წმინდა ანგელოზის ციხესიმაგრე

სენტ ანჯელო – რომის არქიტექტურული ძეგლია. თავიდან იყო აკლდამა. შემდეგ პაპის რეზიდენცია, ასევე ციხე. დღეისათვის აქ სამხედრო მუზეუმია. ტერასიდან შესანიშნავი ხედია რომსა და ვატიკანზე.

 

ტიბერინის კუნძული – ერთადერთი მიწის ნაგლეჯი ტიბრზე

ზაფხულობით აქ ჩნდება ბარის დახლები, ათასგვარი სკივრი ყველანაირი წვრილმანით და დიდი ეკრანი, რომელზეც კინოს აჩვენებენ, ოღონდ იტალიურად.


სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკა
 – მოზაიკური საოცრებების კრებული

ეკლესიის ისტორია ატმოსფერული ანომალიით დაიწყო: 356 წლის 5 აგვისტოს თოვლი მოვიდა. რომის პაპი მოსალოდნელი სასწაულის შესახებ მადონამ გააფრთხილა და მითითებულ ადგლზე ეკლესიის მშენებლობა ბრძანა. XIII საუკუნეში სიუჟეტი ფასადზე გამოსახეს. ხრახნული კიბე ბერნინის დაპროექტებულია, რომელიც სწორედ აქ არის დაკრძალული.

 

მაგიური კარი

ჯადოსნური კარი (La Porta Alchemica) – 1680 წლის მაგიური კარია, რომელიც ვილა პალომბარაზე (Villa Palombara) მდებარეობს, ვიტორიო ემანუელის მოედნის სიახლოვეს. რომაელები მიიჩნევენ, რომ ამ კარზე წერია ფორმულა, თუ როგორ უნდა აქციო ნებისმიერი ლითონი ოქროდ. ლეგენდის თანახმად, მე-17 საუკუნეში ვილაზე ღამის გასათევად გაჩერდა ალქიმიკოსი ფრანჩესკო ჯუზეპე, მან ბაღში იდუმალი მცენარე აღმოაჩინა, რომელსაც ოქროს წარმოება შეეძლო. მეორე დილით ალქიმიკოსი გაქრა, ხოლო კარზე ოქროდ ქცევის საიდუმლო ფორმულა დარჩა.


Sant Eustachio
ყავის სიწმინდე

ქაფის საიდუმლოს, რომლის ორი მესამედი შედგება ადგილობრივი ესპრესოსგან, 1938 წლიდან ინახავენ. ყვითელ ფონზე საფირმო ირმის გამოსახულებიანი ქილები და მწარე შოკოლადში ყავის მარცვლების ყუთები მშვენიერია სუვენირების სახითაც.

 

 

რომის საიდუმლო ადგილები,
რომელსაც ტიპიურ გზამკვლევში ვერ ნახავთ

 

ფორთოხლის ბაღი ავენტინზე
ავენტინზე მარტო ერთი ჭუჭრუტანას გამო ასვლა არ მოგიწევთ. აქვეა რომის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ადგილი – საველოს პარკი. თუმცა ამ სახელს იშვიათად იყენებენ.

მისამართი: L’Aventino, Circo Massimo, Viadi Santa Sabina

 

Bartolucci მაღაზია

უკვე მრავალი ათეული წელია ბარტულოჩის ოჯახში ხუროს ოსტატობის საიდუმლო თაობებს გადაეცემა.
ამ სავაჭრო დუქანში ყველაფერი ხისაა: შესასვლელში მდგარი ველოსიპედისტ პინოკიოდან დაწყებული ქალის მოსართავებით დამთავრებული. აქედან უსუვენიროდ ვერ გამოხვალთ.
Via dei Pastini, 98.
მუშაობს ყოველდღე 12:00-დან 20:00 საათამდე.


ვია დე კონდოტი
იტალიის დედაქალაქის ცენტრშია ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი რომაული ქუჩა. XVIII საუკუნიდან ამ ქუჩას გლამურის სურნელი შეეპარა – მოდური მაღაზიები და ატელიები სოკოებივით მრავლდებოდნენ. დღეს ამ ქუჩაზე შეხვდებით პრესტიჟულ მსოფლიო ბრენდებს, როგორებიცაა – Valentino, Armani, Hermès, Cartier, Louis Vuitton, Fendi, Gucci, Prada, Chanel, Dolce & Gabbana და Salvatore Ferragamo.
უძველესია ატელიე Bulgari, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, 1905 წელს გაიხსნა.


ქუჩის სხვა ღირსშესანიშნაობებიდან უნდა აღინიშნოს სახლი №11, სადაც რადიოს ერთ-ერთი გამომგონებელი გულიელმო მარკონი ცხოვრობდა; სახლი №68 – მალტის ორდენის დიდი მაგისტრის რეზიდენცია; ასევე სახელგანთქმული კაფე „ანტიკო კაფე გრეკო“, სადაც ყავა თვით ლორდ ბაირონს, გოეთეს, ჰანს კრისტიან ანდერსენს, ლისტს, ბალზაკს, სტენდალს დაულევიათ.
strada Via dei Condotti, tra Piazza di Spagna e Via del Corso

 

ბაზრობა Porta Portese
თუ ვია დე კონდოტის სიკაშკაშისა და ფასებისგან ცუდად გახდით, შეგიძლიათ ტრასტევერეს რაიონში ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ბაზრობას მიაშუროთ (1350-ზე მეტი ფარდულია). ბაზრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა. უმუშევრობამ და ინფლაციამ ხალხი აიძულა პირადი ნივთები გაეყიდა.
დღეს აქ ყველაფრით ვაჭრობენ: ძველი წიგნები, სურათის ჩარჩოები, ავეჯი, ტანსაცმელი, პატეფონები, სატელეფონო აპარატები, სათამაშოები, ჭურჭელი, რეპროდუქცია, საათები…
მუშაობს ყოველ კვირა დღეს.


წიგნების შადრევანი

ძველი რომაელები ამბობდნენ: Habent sua fata libelli, რაც ნიშნავს „წიგნებს თავისი ბედი აქვთ“.
თითქოს ამ სიბრძნის უტყვი შეხსენებაა რომის წიგნების შადრევანი (იგივე მეცნიერების ან ცოდნის შადრევანი). ეს უჩვეულო შადრევანი მდებარეობს XVII საუკუნის რომაული ბაროკოს შედევრის, სანტ-ივო ალა საპიენცას კათოლიკური ტაძრის სიახლოვეს.
მისამართი: Via degli Staderari.

 

კვადრატული კოლიზეუმი
ეს ადგილი პოლიტიკური მიზეზებით არცერთ გზამკვლევში არ არის შეტანილი. მსოფლიო გამოფენის კვარტალი (Esposizione Universale Roma) ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით 1943-45 წლებში დიქტატორ მუსოლინის ბრძანებით ააგეს. მიზეზი ფაშიზმის 20 წლის იუბილე იყო.
„ფაშიზმის ერის“ ერთ-ერთი სიმბოლო გახდა იტალიური ცივილიზაციის სასახლე (Palazzo della Civilta Italiana), რომელიც უფრო ცნობილია როგორც „კვადრატული კოლიზეუმი“ (Colosseo Quadrato). მარმარილოს სასახლე ზომითაც შთამბეჭდავია – სიმაღლე 68 მ, ფართობი – 8 400 კვ/მ.


მისამართი: Via Cristoforo Colombo, 559

 

პიცერია „ბაფეტოსთან“
ერთ-ერთ უგემრიელეს პიცას აკეთებენ Pizzeria Da Baffetto-ს რესტორნებში (რომში მხოლოდ ორია). ეს საოჯახო ბიზნესია. უმაღლესი ხარისხის იტალიურ პიცას 20-25 ევროდ მიიღებთ. თუმცა აქ მოხვედრა მარტივი არ გეგონოთ, უზარმაზარი რიგებია.


მისამართი: Via del Governo Vecchio, 114 e Piazza del Teatro di Pompeo, 18 (Baffetto 2)

 

XXI საუკუნის ხელოვნების მუზეუმი

XXI საუკუნის ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი (MAXXI) ძალიან ახალგაზრდაა (2010 წლის მაისში გაიხსნა), მაგრამ ამბიციურია. შენობას 27 ათასი კვ/მ უკავია და რომაელები მოფერებით „მაკარონს“ ეძახიან. მშენებლობა 150 მილიონი ევრო დაჯდა, მაგრამ სამაგიეროდ რომში ახლა უკვე მომავლის მუზეუმია.


საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილია ფოტოგრაფიები, ინსტალაციები, სახლების პროტოტიპები და მოდელები, მთელი ქალაქები და ქუჩები, როგორშიც მომავალში ვიცხოვრებთ. მუზეუმშია ბიბლიოთეკა და სახელოსნო. მოკლედ, თუ გაინტერესებთ, როგორი მომავალი ელით თქვენს შვილებს, აქ უნდა შეიაროთ.
მისამართი: via Guido Reni, 4 A, ст.м. Flaminio
სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა – 11:00-დან 19:00 საათამდე; ხუთშაბათი, შაბათი – 11:00-დან 22:00 საათამდე.

 

Ferrari Store
იტალია Ferrari-ის სამშობლოა. მისი შტაბ-ბინა მარანელოშია, დედაქალაქში კი ყველაზე დიდი მაღაზიაა. ავტომოყვარულებს ეს ადგილი ჭკუიდან გადაიყვანს: საათები, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, სათამაშოები და ასობით პროდუქცია „ფერარის“ სიმბოლიკით.
სახელი კი ფულსაც მოითხოვს. ფასები იკბინებიან: მაგალითად ბრელოკი… 150 ევრო ღირს, 300 ევრო უნდა საფირმო სარბოლ ხელთათმანებს და 1500 წითელ მოკაშკაშე სათამაშო ბოლიდს.
სხვათა შორის, რომის ქუჩებში ნამდვილი „ფერარით“ გასეირნებაც შეგიძლიათ – მანქანის ქირაობა საკმაოდ პოპულარულია.


Via Tomacelli, 147
ყოველდღიურად 10:00-დან 20:00 საათამდე.

 

ჯელატერია Blu Ice

ჯელატერია Blu Ice სანაყინეების ქსელია. რომაელები ამბობენ და ტურისტები ეთანხმებიან, რომ სწორედ ამ დაწესებულებებშია საუკეთესო იტალიური ნაყინი. აქ არა მარტო ყიდიან, არამედ აწარმოებენ ნაყინს. ამიტომ აქ მუდამ ახალია და ნაირფეროვანი – ხილით, თხილით, შოკოლადით, ქოქოსით…
საინტერესოა, რომ კაფე ღამითაც მუშაობს და ფასებიც საკმაოდ მისაღებია.

 

კრიმინოლოგიური მუზეუმი

ხელოვნების მოყვარულები რომში არ მოიწყენენ – ვატიკანის მუზეუმი, გალერეა ბორგეზე, ბარბერინი და ათობით დახვეწილი ადგილი. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს კი Museo Criminologico ელოდება.


ეს ყოფილი ციხის შენობაა, ამჟამად ისტორიული ექსპოზიცია, რომელიც დამნაშავეებსა და სხვადასხვა დროს სასჯელის ზომებსა და საშუალებებზე მოუთხრობს.


via Gonfalone, 29

 

ენოთეკა Costantini
მზიან იტალიაში 20 რეგიონია და თითოეული მათგანი თავის ღვინოს აწარმოებს. სხვადასხვა სორტის იტალიური ღვინოების დაგემოვნება Costantini-ის ენოთეკაშია შესაძლებელი. ეს ნამდვილი ღვინის საგანძურია, სადაც ინახება სხვადასხვა მარკებისა და დაყოვნების ათასობით ბოთლი.


Piazza Cavour 16
ორშაბათი 16:30-დან 20:00 საათამდე; სამშაბათი-შაბათი – 9:00-დან 13:00 და 16:30-დან 20:00 საათამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები