LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთულ ჯგუფში მოვხვდით: ერთი კარგი ამბავი ისაა…

67

კიოტოში (იაპონია) გამართულმა წილისყრამ ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო თასზე „დ“ ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ზღვისრეთის ზონის გამარჯვებულთან და ამერიკის ზონის მეორე გუნდთან მოახვედრა.

წილისყრას საპატიო სტუმრის სტატუსით იაპონიის პრემიერ მინისტრი შინცო აბე ესწრებოდა, რომელმაც მისი ქვეყნისთვის 2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“აზია პირველად მასპინძლობს ამ შესანიშნავ სპორტულ ღონისძიებას. ესაა შანსი, რომ აზიელებს, სადაც მთელი პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, რაგბის მიმზიდველობა დავანახოთ. ვდებ პირობას, რომ იაპონია მოთამაშეებს საუკეთესო პირობებს შეუქმნის. მოუთმენლად ველით ტურნირის დაწყებას, რომელიც დაუვიწყარი იქნება რაგბის გულშემატკივრისთვის. იაპონელი ერი გაერთიანდება, რათა მონაწილეებს და ჩამოსულ სტუმრებს ღირსეული მასპინძლობა გაუწიოს. მასპინძელ ქალაქებს შორის იქნება მიწისძვრით დაზარალებული კამაიში და კუმამოტო და ეს იქ მცხოვრები ბავშვების ემოციურ ზრდას შეუწყობს ხელს“.

აბე წილისყრის პროცესში თავადაც იღებდა მონაწილეობას და „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა მას მადლობა გადაუხადა:

“დარწმუნებული ვარ, იაპონიაში ფანტასტიური მსოფლიო თასი გველის. ჯგუფური ეტაპის წილისყრამ უკვე გვაჩუქა რამდენიმე შესანიშნავი მატჩი. მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომელიც პირადად მონაწილეობდა წილისყრაში და ამით დიდი მხარდაჭერა დააფიქსირა. 2019 წლის მსოფლიო თასი უდიდესი მოვლენა იქნება იაპონიისთვის და აზიის კონტინენტისთვის“.
ორი „უცნობი“

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება 2015 წელს, ინგლისში ტონგასა და ნამიბიის ძლევით, ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით მოიპოვა. მარტის ბოლოს მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაფიქსირებული შედეგის მიხედვით, ჩვენი გუნდი წილისყრისას მესამე კალათაში მოხვდა და გაირკვა, რომ მასპინძელ იაპონიასთან, კარგად ნაცნობ არგენტინასთან და სასურველ იტალიასთან თამაში არ მოუწევდა.

მესამე კალათში ბორჯღალოსნების ბურთულა სულ ბოლოს ამოვიდა და საქართველო „დ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც უკვე იყვნენ ზღვისრეთი1 და ამერიკა2.

ორიდან ერთ მეტოქეს ბორჯღალოსნები ივლისში შეიტყობენ, როდესაც წყნარი ოკეანის ზონის შესარჩევი ტურნირი დასრულდება. ამ ორწრიანი ტურნირის პირველი ნაწილი შარშან ივნისში ჩატარდა, მაშინ, როდესაც ბორჯღალოსნებმა კუნძულები დაუმარცხებლად მოიარეს.

პირველ წრეში ფიჯიმ ტონგა 23:18 და სამოა 26:16 დაამარცხა, ხოლო სამოამ ტონგას 30:10 სძლია. ამ მომენტისთვის ფიჯი შესარჩევ ჯგუფს 8 ქულით ლიდერობს, სამოა მეორეა (4 ქულა), ხოლო ტონგას მხოლოდ 1 ქულა აქვს. 1 ივლისს ტონგა სამოას, ხოლო 8 ივლისს ფიჯის მასპინძლობს. შესარჩევი ტურნირი აპიაში სამოასა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრით დასრულდება. სწორედ ამ დროს გაირკვევა ჩვენი მეტოქე (ზღვისრეთი1) და მსოფლიო თასის კიდევ ერთი მონაწილე, ხოლო მესამე გუნდს ევროპის შესარჩევი ზონის მეორეადგილოსანთან პლეი ოფში მოუწევს ჩართვა.

მაისში სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში ურუგვაის, ჩილეს, ბრაზილიისა და პარაგვაის გუნდები ითამაშებენ, რომლის გამარჯვებულიც ამერიკა2-ის საგზურისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პლეი ოფში დამარცხებულ გუნდს შეხვდება. კანადისა და აშშ-ს ნაკრებები ამერიკა1-ის ადგილისთვის 24 ივნისსა და 1 ივლისს შეიბმებიან, გამარჯვებული „გ“ ჯგუფში მოხვდება, ხოლო დამარცხებული მეორე საგზურისთვის სამხრეთის ფალავანს შეერკინება.

 

იაპონიამდე კარდიფში

მეოთხე კალათიდან უელსის ნაკრები გვერგო, რომელსაც მანამდე 18 ნოემბერს კარდიფში, საქვეყნოდ ცნობილ „მილენიუმზე“ 28-წლიან ისტორიაში პირველად შევხვდებით.

„დრაკონებს“ რვავე განვლილ მსოფლიო თასზე უთამაშიათ და საუკეთესო შედეგს პირველ ტურნირზე მიაღწიეს – 1987 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, 2011 წელს კი, ნახევარფინალს უწიეს და საბოლოოდ მე-4 ადგილზე გავიდნენ. უელსის მთავარი მწვრთნელი უორენ გეთლანდი წილისყრის შედეგებით კმაყოფილია. მას ახარებს ის ფაქტი, რომ იაპონიაში ავსტრალიასთან და სავარაუდოდ ფიჯისთან მოუწევს თამაში, რომლებთან ერთადაც ჯგუფში 2015 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა და მეოთხედფინალში გავიდა.

“კარგია, რომ კვლავ შევხვდებით იმ გუნდებს, რომელთაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ – ავსტრალიას და სავარაუდოდ, ფიჯის. ყველა ჯგუფში იქნება რთული თამაში და მე როგორც უელსელი, მოხარული ვარ ჩემი გუნდის ხვედრით. კარგია, რომ ავსტრალიასთან და საქართველოსთან წელს ნოემბერში მოგვიწევს თამაში. ეს შეხვედრები დიდ ინტერესს გამოიწვევს“.

 

ორგზის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი

პირველად არსებობის ისტორიაში, იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები ავსტრალიას შეხვდებიან – ერთადერთ სამხრეთელ ბობოლას, რომელთანაც ჯერ არ გვითამაშია.

ავსტრალიელებს ყველა მსოფლიო თასზე უთამაშიათ და ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ – 1991 და 1999 წლებში, ხოლო 2003 და 2015 წლებში მხოლოდ ფინალში დამარცხდნენ. ორი წლის წინ ‘ვოლაბებს’ ფინალში ახალმა ზელანდიამ 34:17 მოუგო.
ჰეიგის პირველი კომენტარი

წილისყრას ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და ნაკრების მენეჯერი ირაკლი ხუნდაძე ესწრებოდნენ. ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა წილისყრის შედეგებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა:

“რთულ ჯგუფში მოვხვდით: ვეთამაშებით ავსტრალიას, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა; უელსს, რომელიც მსოფლიო თასებზე ყოველთვის კარგად ასპარეზობს; ჩვენს ჯგუფში, როგორც ოკეანეთი1 სავარაუდოდ ფიჯი მოხვდება, მათგან კი ყველაფერს უნდა ელოდო; იოლი არ იქნება ამერიკის მეორე გუნდთან თამაში, არაა გამორიცხული კანადა იყოს. რთული ჯგუფია და ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ნოემბერში უელსს ვეთამაშებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები