LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუხის სავაჭრო ცენტრში ნაყინისა და ფერების ფესტივალი ჩატარდა

84

რუხის სავაჭრო ცენტრში ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ გრძელდება. ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, რუხის სავაჭრო ცენტრში მიმდინარე ერთთვიანი ფესტივალის ფარგლებში, ფერებისა და ნაყინის ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, რუხის სავაჭრო ცენტრში ფერების ფესტივალი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „Check in Georgia“-ს ფარგლებში გაიმართა. „თოლიას“ ნაყინის ფესტივალი კი კონცერტსა და მრავალფეროვან სახალისო თამაშებს მოიცავდა. სხვადასხვა ქალაქიდან ღონისძიებაზე ჩასულ ბავშვებს ნაყინები უფასოდ დაურიგდა.

ფერებისა და ნაყინის ფესტივალებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

ღონისძიებების მხარდამჭერები „საპარტნიორო ფონდი“, რუხის სავაჭრო ცენტრი და სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი არიან.

შეგახსენებთ, ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის ფარგლებში, რუხის სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. ტარდება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება. ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები