LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას – პრემიერის გამოსვლა გაეროს გენასამბლეის სესიაზე

58

“ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებია,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო გაეროს შეუერთდა, ქვეყანა წარმატებით გარდაიქმნა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად.

აქცენტი გააკეთა საქართველოს ევროინტეგრაციულ სწრაფვაზე.

“ერთი მხრივ, ჩვენ ვახორციელებთ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და, მეორე მხრივ, ვიზიდავთ აზიის ბაზრებს,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა  ისაუბრა რუსეთის მიერ საქართევლოს ოკუპაციის გაგრძელებაზე და აღნიშნა, რომ “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას”.

ამასთან, მან აქცენტი გააკეთა ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის კონსტიტუციის ცვლილებებზე და დასძინა, რომ ამ რეფორმებს საფუძველს შარშან ხალხის მიერ მმართველი გუნდისთვის გამოცხადებული ნდობა გახდა.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად, მთავრობამ სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელება.

პრემიერმა გამოსვლა ამერიკელი ხალხისადმი თანადგომის გამოცხადებით დაიწყო, რომელიც ბოლო პერიოდში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უკავშირდება.

“პირველ რიგში, ნება მომეცით, მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო ბოლო დღეებში ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებულებს – ქარიშხლებმა უდიდესი ზიანი მიაყენა კარიბის ზღვის კუნძულ-ქვეყნებს და ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ რეგიონს, ხოლო მიწისძვრამ კატასტროფა გამოიწვია მექსიკაში. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ქვეყნების მთავრობებს და ხალხს. არც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ არის დაზღვეული სტიქიისგან. ასეთ დროს კი სოლიდარობა აძლიერებს განსაცდელში მყოფ ქვეყნებს,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერმინისტრის გაეროს გენასამბლეაზე გამოსვლის სრული ტექსტი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები