LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრზე – ამირან გამყრელიძე

60

უკანასკნელ რამდენიმე კვირაში რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რასაც მხარი აუბეს რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მორიგი დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას.

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულება.

ცენტრი, ისევე როგორც ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სხვა ლაბორატორიები, აშენებულია საქართველოს და აშშ სამთავრობო ხელშეკრულებების ფარგლებში.

ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საერთშორისო წესებით საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში. ამასთან, BSL-3 სივრცეში დაშვება აქვთ მხოლოდ ქართველ მკვლევარებს.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობისდიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში.

ქართველ მეცნიერებს მჭიდრო კავშირები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, ნორვეგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, ეგვიპტე და სხვა) მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) კოლეგებთან. ცენტრში მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით.

საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაეროს კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს კონვენციის შესაბამისობის საერთაშორისო სავარჯიშოს მოცემულ ობიექტზე მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს.

„აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბიო-ექსპერტები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს – სამწუხაროდ, მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე.

რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირების გამჭვირვალობის ნათელ დასტურს წარმოადგენს რუსი ჟურნალისტებისა და ბიოექსპერტების ხშირი ვიზიტები, რის ფარგლებში მათ საშუალება მიეცათ დეტალურად გაცნობოდნენ კვლევების შინაარსობრივ ნაწილსა და ცენტრის საქმიანობას. მათ შორის ჯანმოს ღონისძიებების ფარგლებში, რომლის დროსაც რუსი ექსპერტები პრაქტიკულ სავარჯიშოებსაცატარებდნენ ლაბორატორიაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, გრძელდება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა უსაფუძვლო დეზინფორმაცია რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. უკანასკნელი მსგავსი დეზინფორმაციის წყარო გახლდათ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, რომელმაც გაავრცელა მორიგი ცრუინფორმაცია ლაბორატორიაში ადამიანებზე საიდუმლო ცდების ჩატარების თაობაზე.

საქართველოს მხარე ცალსახად აღნიშნავს, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების კვლევები არ ჩატარებულა და არ ტარდება, მით უმეტეს ამერიკელი ექსპერტების მიერ. ამასთან, მორიგი დეზინფორმაციის მიზანია ჩრდილი მიაყენოს საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას, რომლის ფუნქციონირებას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა როგორც საქართველოსი, ასევე რეგიონალური ბიოუსაფრთხოების განმტკიცების კუთხით,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტების ჩატარებაში დაადანაშაულა. უწყების მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები