LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი აკრძალეს: რუსები ოლიმპიადაზე ვერ გამოვლენ

104

ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსი სპორტსმენები, რომელთაც დოპინგის მოხმარება არ დაუმტკიცდათ, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური დროშით იასპარეზებენ.

რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალა.

ოლიმპიზმის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დოპინგ-სკანდალის გამო, ოლიმპიადაზე არ იქნება ქვეყნის და ამ შემთხვევაში, რუსეთის დროშა და გამარჯვების შემთხვევაში არ დაუკრავენ რუსეთის ჰიმნს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიწვეული რუსი სპორტსმენები, როგორც პირად, ასევე გუნდურ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.
„რუსი ოლიმპიური სპორტსმენი“ – ასეთი იქნება მათი ტიტული და გამარჯვების შემთხვევაში, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე ოლიმპიურ ჰიმნს დაუკრავენ.

მაგრამ…

რუსეთის სპორტსმენები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალური დროშით მონაწილეობას არ აპირებენ – ეს განცხადება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრე ჟუკოვმა გააკეთა და დასძინა, რომ ასეთი ვარიანტი არც კი განიხილება.

„ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია – რუსები ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ არ გამოვლენ. ისინი გამოვლენ მხოლოდ თავისი ქვეყნის სახელით“ – ამბობს ჟუკოვი.

რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური განცხადება ჰოკეიში რუსეთის ნაკრების წევრებმაც გაავრცელეს.

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) ანონიმური ინფორმატორის მიერ მისთვის მიწოდებული ელექტრონული ბაზის მონაცემების ნამდვილობა დაადასტურა. რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯების მონაცემთა ელექტრონული ბაზა 2012 წლის იანვარსა და 2015 წლის აგვისტოს შორის პერიოდს მოიცავს.

„ჩვენ დავასრულეთ გამოძიება და შეგვიძლია დავადასტუროთ მონაცემთა ბაზის ნამდვილობა. ბაზაში არსებული მონაცემები ადასტურებს როდჩენკოვის მტკიცებას იმის შესახებ, რომ 2012-2015 წლებში რუსი სპორტსმენები მოიხმარდნენ დოპინგს“, – განაცხადა WADA-ს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა გიუნტერ იუნგერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები