LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი არის დათვი, პუტინთან რა მინდა სალაპარაკოდ

183

წლევანდელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ერთი „ძველი კადრია“ – 90-იანელების და პირველი მთავრობის წონადი წევრი: აკაკი ასათიანი. „ფორტუნას“ სტუმარი დღეს სწორედ ეროვნული მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც მომდევნო პერიოდში მეტ-ნაკლებად აქტიურობდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ახლა კი საპრეზიდენტოდ ცდის ბედს და ამით უფრო მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

 

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი ხართ?

ვფიქრობ, საუკეთესო გამოცდილება დამიგროვდა ამ საქმისთვის. გარდა ამისა, მე ვიყავი დამოუკიდებლობის მოპოვების სათავეებთან, ამიტომ მგონია, რომ ეს ეროვნული მუხტი უნდა დაბრუნდეს, ეს ბევრ რამეს უშველის.

დღეს ხედავთ ქვეყანაში ეროვნულ მუხტს?

ხალხში არის რა თქმა უნდა, თუმცა რა ხელისუფლებებიც შეიცვალა, მათში არ იგრძნობდა, ან იქნებ მალავდნენ ისე, რომ მე ვერ ვგრძნობდი.

თქვენს კუნკურენტებს არ აქვთ ეს ეროვნული მუხტი?

ზერელედ ახსენებენ ხოლმე, მაგრამ იმ თემებზე არ ლაპარაკობენ, რაც ამ მუხტს შეესაბამება. ძირითადად დაკავებულები არიან ურთიერთბრალდებებით.

არ არიან ძლიერი კონკურენტები?

არა, კარგები არიან, ადამიანურადაც ნორმალურები არიან. მე ხომ მათ ვიცნობ. გნებავთ ვაშაძე, ზურაბიშვილი, ბაქრაძე, ნორმალური ხალხია, შალვა ნათელაშვილი, კახა კუკავა ჩემი მეგობარია.

ანუ თქვენ ამბობთ, რომ ძალიან ფართო არჩევანი გვაქვს და უნდა გაგვიჭირდეს პრეზიდენტის არჩევა?

მე ვფიქრობ, პირველი სამი ვინც ჩამოვთვალე, მათ უკან მდგომი ძალები არ იმსახურებენ დიდ სიმპატიას, ეს განწყობა აქვს ხალხს რომ ხვდები, უბრალოდ სხვა არჩევანს ვერ ხედავენ. დანარჩენი კანდიდატებიც დიდად თავს არ იწუხებენ, უფრო საპარლამენტო არჩევნებისთვის მოთელვას გადიან.

თქვენი პირველი სამუშაო დღე პრეზიდენტის რანგში?..

პირველი შეწყალებაა ხოლმე, რასაც აკეთებენ, შემდეგ აუცილებლად შევხვდები აფხაზებსა და ოსებს.

ვის შეიწყალებთ?

შეწყალების კომისია წარუდგენს ხოლმე და პრეზიდენტი შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.

ვანო მერაბიშვილს შეიწყალებთ? პრეზიდენტობისკანდიდატი დავით ბაქრაძე პირდაპირ ამბობს, რომ შეიწყალებს მერაბიშვილს…

მე არ შევიწყალებდი. მიმაჩნია, რომ მერაბიშვილი სწორედ ის არის, ვინც ციხეში უნდა იჯდეს.

რომ არა პოლიტიკოსი, ვინ იქნებოდით, გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრეთ?

კი, დავამთავრე, მაგრამ არ გავყოლილვარ. ვწერდი. ორი მოთხრობა გამოქვეყნდა კიდეც. ისტორიაც მაინტერესებდა. ალბათ ერთიც ვიქნებოდი და მეორეც, მაგრამ როცა სამშობლოს განთავისუფლების ჟამი დგება, მაშინ კალამიც უნდა გადავდოთ, თოხიც და ხიშტი უნდა ავიღოთ ხელში.

აღმოსავლეთმცოდნეობას რა დაუწუნეთ?

როცა ვაბარებდი, მაშინ კონკურსი მაღალი იყო, ლექტორებიც ცნობილი აღმოსავლეთმცოდნეებიც იყვნენ. ხიბლი ჰქონდა, სპარსული პოეზია, არაბული, თურქული. ამოცანა იდგა, რომ თანამედროვე ლიტერატურა უნდა გვესწავლა, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი.

ანუ აღარ დაგაინტერესდათ და პოლიტიკოსობა საინტერესოა – მოსაწყენი ხომ არაა?

არა, ეს ერთგვარი მოწოდებასავით აღმოჩნდა. ორივე ბაბუა დახვრიტეს. წარმოიდგინეთ ბებიები როგორ გამზრდიდნენ, ანტიკომუნისტი, ანტისაბჭოური და ანტირუსი ვიყავი. შეიძლება ზედმეტადაც.

ანტირუსობა შეიძლება ზედმეტი იყოს?

კი, შეიძლება, ეს ხელს გიშლის ობიექტურ შეფასებებში. სულ ვცდილობ, ამისგან გავთავისუფლდე. ვცდილობ, რუსეთი მივიღო ისეთი, უფრო სწორად განვიხილო ისეთად, როგორიც არის და არა როგორი უნდა იყოს. ამიტომ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ქვეყანა არის დათვი.

და ამ დათვთან რას იზამთ, თუ პრეზიდენტი გახდებით?

პრეზიდენტს საგარეო წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს. ვეცდებოდი, მინსკის ფორმატის მსგავსი შეგვექმნა.

ჟენევის ფორმატი არაფერს აკეთებს?

ფაქტია, რომ შედეგი არ აქვს.

მარგველაშვილს ედავებიან, რატომ არ მიდის პუტინთან სალაპარკოდ, თქვენ წახვალთ და დაელაპარკებით პუტინს?

არა, პუტინთან რა მინდა სალაპარაკოდ. საერთაშორისო ფორმატში მხოლოდ.

სიღარიბის დაძლევა, პენსიების ზრდა – ეს დაპირებები არ მესმის თქვენგან…

პრეზიდენტი ამას ვერ იზამს, კანონით არ აქვს ამის უფლება. პრეზიდენტს აქვს ფონდი, ის არის მთავარსარდალი და ყოველდღიურად უნდა იზრუნოს ჯარის მდგომარეობაზე, განისაზღვროს რა ფუნქციები აქვს, როგორ კომპლექტდებოდეს… იგივე სამხედრო სასწავლებლებისთვის წახალისებაა საჭირო, ასევე განათლების კუთხით ამ ფონდიდან წარმატებული მასწავლებლისთვის, სტუდენტების, მოსწავლეებისთვის წამახალისებელი ჯილდოები უნდა დაწესდეს.

ბოლოს ყველა კანდიდატს ვეკითხები: ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი?

ალბათ მეორე ტური იქნება და იქ უფრო მოსალოდნელია ვაშაძე და ზურაბიშვილი გავიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები