LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის – გიორგი მარგველაშვილი

63

“არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავდა და, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში დაიღუპა სულ რამდენიმე კვირის წინ. ეს კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია – რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის,” –  ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის კონგრესის სპიკერთან, პოლ რაიანთან, აშშ-ის კონგრესის უმრავლესობის ლიდერთან, კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან და კონგრესმენ ტედ პოსთან შეხვედრისას გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება ისტორიული ანომალია და უსამართლობაა.

მისი თქმით, “საქართველო დაისაჯა გადაწყვეტილებისათვის, გამხდარიყო დამოუკიდებელი  და ამ სასჯელს ოკუპაციის ფორმა აქვს. ქართველი ხალხი არ უღალატებს საკუთარ ნაციონალურ იდენტობას”.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონგრესმენებმა საქართველოს პრეზიდენტთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და ნატო-ს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს. კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა.

ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტი 16 მარტს დასრულდება და პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება, ინტენსიური დიალოგის გაძლიერება და საქართველოს მხარდამჭერთა კონსოლიდაციაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები