LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ვერანაირად აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა – პრემიერი ტატუნაშვილის მკვლელობაზე

58

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, “ადამიანები, რომლებმაც ტატუნაშვილი აწამეს, ქართულ-ოსური შერიგების მტრები არიან”.

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. სადაც ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილზე ისაუბრა

“ვფიქრობ, რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა ადამიანი, თუ რამხელა გმირი გახლავთ არჩილ ტატუნაშვილი. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ადამიანები, რომლებმაც აწამეს ქართველი ვაჟკაცი, არიან ქართულ-ოსური შერიგების და საქართველოს გაერთიანების მტრები. ამიტომ, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელ დღეს ამის თქმა და ტკივილით აღსავსე თითოეული სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას,” – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა მოუწოდა სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, გაააქტიუროს საკანონმდებლო პაკეტის განხილვა.

“ვთხოვ, ქეთევან ციხელაშვილს, დიდი ხნით არ გადავდოთ იმ ნაბიჯების პაკეტის განხილვა, რომელიც მას მომზადებული აქვს. მოვუწოდებ პარლამენტს, დავსხდეთ და თანმიმდევრულად გავაგრძელოთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ უმძიმეს ინციდენტამდე ვახორციელებდით. მეორე მხრივ, ჩვენი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მტკიცე კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს და სამართლებრივი კუთხით გადადგამს იმ ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით, რომ დამნაშავეები დაისაჯონ,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ის, რაც მოხდა ახალგორში, იყო მკვლელობა. მისივე თქმით, “რუსეთი ვერ შეძლებს, აიცილოს პასუხისმგებლობა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე”.