LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიის მიტაცებას აბსურდულ ბრალდებას უწოდებს

76

“სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პრაღის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პროვოკაციული ინფორმაცია ვრცელდება” – ამ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, საქართველოში, საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით.

რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ ტერიტორიის მიტაცების ფაქტს პროპაგანდად აფასებს და ამბობს, რომ ამ ინფორმაციას ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე განიხილავენ.

“ასეთ შემთხვევებში შეთხზული „პროპაგანდისტული სატყუარები“ ყოველთვის ერთნაირია. თბილისიდან კვლავ ისმის ბრალდებები, რომ სამხრეთოსური მხარე თავის სასაზღვრო ნიშნებს ათავსებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში. ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საკითხის განხილვა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დაგვარწმუნებს ამ აბსურდული პრეტენზიების სიყალბეს.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ნორმალიზების მოწინააღმდეგეები ხელს ვერ შეუშლიან პრაღაში კონსტრუქციული შეხვედრის გამართვას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 ივლისს პრაღაში,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ორივე ქვეყნის ტრანსპორტის უწყების წარმომადგენელი დაესწრება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები ისაუბრებენ რუსეთ-საქართველოს შორის ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზებაზე. გარდა ამისა, მხარეები გაცვლიან აზრებს 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რაც უკავშირდება საბაჟო ადმინისტრირებასა და რეგიონული ვაჭრობის მონიტორინგს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით შვეიცარიის დახმარებით, უკვე ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები. უწყების ცნობით, არის რეალური შესაძლებლობა იმის, რომ კონტრაქტებს ხელი მალე მოეწეროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები