LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველმა ახალგაზრდამ შშმ პირებისთვის “ჭკვიანი სახლი” შექმნა

96

რუსთავის სკოლის მოსწავლე იუსიფ ნასიბოვმა, შშმ პირებისთვის “ჭკვიანი სახლი” შექმნა.

„ჭკვიანი სახლი“ შშმ-ებისთვის შექმნილი ხმისა და ხელის სენსორზე ადაპტირებული სახლის მართვის მოდელია. იგი უსინათლოებსა და სხვა ტიპის პრობლემების მქონე პირებს ეხმარება დამხმარე რობოტის მეშვეობით სხვადასხვა ფუნქციის შესრულებაში.

ახლახანს ახალგაზრდის მიერ შექმნილი პროექტი „ჭკვიანი სახლი“ მისი მულტიფუნქციურობის დამსახურებით, ერთ-ერთი საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულიც გახდა.

„არასოდეს მიფიქრია მსგავს სფეროში მუშაობაზე, სკოლაში სწავლა რუტინული და მოსაწყენი პროცესიც კი მეგონა, თუმცა, როდესაც პირველი შედეგი ვნახე, მეტი და მეტის მიღწევაც მომინდა. დღეს უკვე სკოლის სხვა მოსწავლეებსაც ვეხმარები პროექტების შექმნაში. მიხარია, რომ ამ მიმართულებით ვსაქმიაონაბ და იმედია კიდევ უფრო საინტერესო გამოგონებებიც მექნება“, – ამბობს იუსიფი.

იუსიფ ნასიბოვი სოფელ მუღანლოდანაა. განათლებას იგი ქალაქ რუსთავში,  შოთა რუსთაველის სკოლა-ლიცეუმში იღებს. გამომგონებლობასთან და მეცნიერებასთან პირველი შეხება, ისევე როგორც ქართულ ენასთან პირველი კონტაქტი სწორედ ამ სკოლაში მოუწია. დღეს იუსიფი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლეა, რომელსაც არაერთი გამომგონება და საინტერესო პროექტიც აქვს შექმნილი.

მოზარდმა პირველი სამეცნიერო პროექტი მე-9 კლასში შექმნა და  ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაზე გაიტანა.  მოგვიანებით, სკოლაშივე არსებულ სამეცნიერო კლუბში, იუსიფმა სხვა ახალ პროექტზეც დაიწყო მუშაობა და  ინოვაციური პროექტიც შექმნა.

ერთი წლის წინ  ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე  იუსიფ ნასიბოვმა პროექტით „ჭკვიანი სახლი„ პირველი ადგილი მოიპოვა.

ამჟამად, გამომგონებელი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, რომელიც მრავალმხრივ საინტერესო და სასარგებლო იქნება მომხმარებლებისთვისაც და იუსიფსაც ახალ წარმატებებს მოუტანს.