LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულ-სომხური საჯარისო დანაყოფი  – „ახალი სამხედრო საფრთხე საქართველოსთვის“

რუსული და სომხური არმიები ერთ საჯარისო ქვედანაყოფში ერთიანდებიან.  გადაწყვეტილებას,  რომელსაც ექსპერტთა ნაწილი საქართველოსთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს,  ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი. საჯარისო დანაყოფს მშვიდობიან პერიოდში სომხური მხარე გაუწევს ხელმძღვანელობას, კონფლიქტის ესკალაციის პირობებში კი მეთაურობა რუსული გენერალიტეტის ხელში გადადის.

საფრთხე  –  საქართველო რუსეთის სატრანზიტო დერეფანი

სომხეთში არსებული გიუმრის სამხედრო ბაზა ექსპერტების მიერ  საქართველოსთვის საფრთხის შემცველად ისედაც  აღიქმებოდა, რასაც უკვე ახალ საჯარისო გაერთიანება ემატება.

რუსულ-სომხური არმიების გაერთიანებიდან გამომდინარე, საფრთხეებზე „ფორტუნასთან“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, საუბრობს.

მისი ინფორმაციით, სომხეთში განთავსებული გიუმრის რუსულ ბაზაზე 12 000- მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება,  რაოდენობიდან გამომდინარე, ბაზა რეგიონში ამინდის შემქმნელად არ მოიაზრება და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს ბაზის დამატებითი სამხედრო ძალით მომარაგება დასჭირდება. რუსეთს სომხეთთან საერთო საზღვარი არ გააჩნია და დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკით ბაზის მომარაგებას საჰაერო გზით ვერ შეძლებს .

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ რუსეთი ამიერკავკასიაში თავის ქვედანაყოფებს გეგმაზომიერად ზრდის და ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. ახალი საჯარისო დანაყოფი შეიძლება, განვიხილოთ, როგორც აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ ქმედება.  ასევე, როგორც რუსული სამხედრო ძალების მობილიზება,  რათა  საჭიროების შემთხვევაში, სომხეთიდან დაეხმაროს  პარტნიორ ირანს.

„ირანისა და ისრაელს სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთს დამატებითი სამხედრო კონტიგენტის მობილიზება დასჭირდება სომხეთში,  რასაც საჰაერო გზით ვერ განახორციელებს .  ერთადერთი საშუალება  საქართველოს სატრანზიტო დერეფნად გამოყენებაა.  სწორედ ამ მიზნით შენდება ავარა-კახეთის გზა.  მშენებლობა დაჩქარებულ რეჟიმში მომდინარეობს ,  გზის საფარი მძიმე ტექნიკისთვის  განკუთვნილი ბეტონის ფილებით იგება.  გზის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში,  რუსეთი  ალაზნის ველზე გასასვლელს მოიპოვებს,  რაც აღმოსავლეთ საქართველოს ოკუპაციას ნიშნავს,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი შაშკინი.

რამდენად რეალურია რუსულ-სომხური საფრთხე?

ახალი რუსულ-სომხური საჯარისო გაერთიანების შექმნაში პირდაპირ საფრთხეს ვერ ხედვას ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე. როგორც ის „ფორტუნასთან“ განმარტავს, საქართველოს სატრანზიტო დერეფნად გამოყენების საფრთხე ისედაც არსებობდა და ახალი ხელშეკრულება არაფერს არ ცვლის.

„ახალი საჯარისო დანაყოფის შექმნა სომხეთს აზერბაიჯანის გასაფრთხილებლად სჭირდება და პირდაპირ საფრთხეს საქართველოსთან მიმართებაში ვერ ვხედავ. ყარაბაღის კონფლიქტის დროს სომხეთმა დაინახა, რომ აზერბაიჯანული სამხედრო ძალები ბევრად სჭარბობს და წარმატების მიღწევაც შეუძლიათ.  კონფლიქტის გააქტიურების პირობებში, რუსეთი საქართველოს დერეფნად ნებისმიერ შეთხვევაში გამოიყენებდა, ამას ახალი ხელშეკრულება არ ცვლის . ჰუმანიტარული კორიდორის გამოყენების თაობაზე რუსეთს არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული და ეს საფრთხე საქართველოსთვის ისედაც არსებობდა,“ –  განმარტავს  ნოდარ ხარშილაძე.

რუსულ-სომხური საჯარისო შენაერთის შექმნაში დამატებით პრობლემას ვერ ხედვას ხელისუფლებაც.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო ორ ქვეყანას შორის დადებულ შეთანხმებაში ვერ ჩაერევა და ვერც რაიმე სახის ზეგავლენას მოახდენს.

„სომხეთისთვის საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ნათლად აქვს გაცხადებული, რომ  რაიმე ტიპის სამხედრო დაპირისპირებაში არ ჩაერთვება. რაც შეეხება რუსულ ფაქტორს,  სომხეთში არსებული  რუსული სამხედრო ბაზა ისედაც საფრთხის შემცველი იყო და ახალი ხელშეკრულება საერთო სურათზე მხოლოდ უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს. გაცილებით მაღალი რისკის შემცველი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული სამხედრო ბაზებია,“  – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

რაც შეეხება ახალი,  ავარა-კახეთის გზის  სატრანზიტო დერეფნად გამოყენებას, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  ოპონენტებს გეოგრაფიის ცოდნას უწუნებს და ამბობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მთებში მშენებარე გზა,  რომელსაც საქართველო ინფრასტრუქტურით არ დაუკავშირდება,  სატრანზიტო  დერეფნად  ვერ გამოდგება.

ხელისუფლების მშვიდი პოზიციის მიუხედავად, ოპონენტები ფიქრობენ, რომ რეგიონში ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში, პირველ რიგში საქართველო დაზარალდება და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

 

თამუნა გოგუაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები