LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული კომპანია თბილისში ესტაკადებს ვეღარ ააშენებს

160

რუსული კომპანია „ნიკარემსტროი“ თბილისში ესტაკადებს ვეღარ ააშენებს. სატენდერო კომისიამ შპს “ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა. საქმე ეხება როგორც მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერს, ასევე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის (ესტაკადის) მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვას.

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 3 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვალს დასრულდა. თბილისის მერიამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 2 901 669 ლარი განსაზღვრა. კომპანია „ნიკარემსტროიმ“ კი ესტაკადის მშენებლობა მერიას 2 698 524 ლარად შესთავაზა. რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის კვეთაზე ესტაკადის მშენებლობას, აქ კომპანიამ ესტაკადის მშენებლობა მერიას 4 006 186 ლარად შესთავაზა, თითქმის 300 ათასი ლარით ნაკლებად, ვიდრე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ პირობებში იყო მითითებული.

თუმცა ორივე შემთხვევაში „ნიკარემსტროის“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს.

სატენდერო პროცედურის შესაბამისად კომისიამ ამჯერად ესტაკადების მშენებლობაზე “ნიკარემსტორის” კონკურენტი კომპანიების “ენსისის” და შპს Construction Service-ის წინადედებები უნდა განიხილოს.

რუსული კომპანია „ნიკარემსტროის“ ესტაკადების მშენებლობის ტენდერებიდან დისკვალფიცირების საკითხს თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, კომპანიის წარმომავლობა დისკვალიფიკაციასთან არანაირ კავშირში არ არის.

„არანაირი კავშირი არ აქვს წარმომავლობას. ჩვენთვის მთავარია, რომ ის რაც კანონით არის მოთხოვნილი, კომპანიას ჰქონდეს გათვალისწინებული. თუ ვინმეს რაიმე დარღვევა აქვს, არავის თავს არ დავუხრით და თვალს არ დავხუჭავთ კონკრეტულ დარღვევაზე. თუ ამ კომპანიას ჰქონდა დარღვევები, რა თქმა უნდა, ის იქნებოდა დისკვალიფიცირებული და ვერ გაიმარჯვებდა. ასე, რომ მინდა ამაში დაგარწმუნოთ, რომ იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები