LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair საქართველოში შემოსვლის გეგმას „ფორტუნასთან“ არ უარყოფს

119

ვიზალიბერალიზაციის პროცედურების გავლის შემდეგ მოსალოდნელია, რომ საქართველოს ავიაბაზრით უფრო მეტი საერთაშორისო ავიაკომპანია დაინტერესდება.

 „ფორტუნას“ კითხვას, იგეგმება თუ არა, მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair–ის შემოსვლა საქართველოში, აეროპორტების გაერთიანებაში, თავს არიდებენ.

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

აეროპორტების დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მოლაპარაკებები ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით, ბევრ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს.თუმცა, კონკრეტულად დაბალბიუჯეტიანი კომპანიის Ryanair-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ქეთევან ალექსიძე არ საუბრობს.

მისი თქმით, ასეთი ავიაკომპანიები მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ, მანამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

„დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, როგორც წესი არ აცხადებენ მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ „ფორტუნასთან“.

 

Ryanair-ის ბუნდოვანი პასუხი

„ფორტუნამ“ მსგავსი კითხვით, Ryanair-საც მიმართა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ისინი ახალი ბაზრით და მიმართულებებით ყოველთვის დაინტერესებულები არიან. ქართულ ბაზარზე შემოსვლის პერსპექტივა ავიაკომპანიამ, არც უარყო და არც დაადასტურა.

„ჩვენ მუდმივად ვინტერესდებით ახალი ბაზრით, თუმცა ვარაუდებზე ჩვენი კომპანია კომენტარს არ აკეთებს“, – განუცხადა „ფორტუნას“ Ryanair–ის წარმომადგენელმა.

 

კომპანიის ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლაზე საუბარი 2016 წელს დაიწყო

„Ryanair“-ის კომერციულ დირექტორს,  დეივიდ ობრაიანს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გასულ წელს შეხვდა.

კომპანიის ტექნიკურმა პერსონალმა, რომლებიც კომერციულ დირექტორთან ერთად იმყოფებოდნენ, ქუთაისის აეროპორტი შეისწავლეს და თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

„დღეს პრემიერ–მინისტრთან გვქონდა ნაყოფიერი და იმედის მომცემი შეხვედრა. მე ვარ ირლანდიიდან სრულიად სხვა კუთხეში, რაც  ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. მე იმედი მაქვს, რომ სულ მალე ევროპის ამ ერთ კუთხეს სხვა კუთხესთან დავაკავშირებთ,“–აღნიშნა ავიაკომპანია „Ryanair“-ის კომერციულმა დირექტორმადეივიდ ობრაიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

Ryanair–ის შესახებ

Ryanair ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფრენებს ყველაზე იაფად ახორციელებს. კომპანია დღეში 1800 ფრენაზე მეტს ასრულებს 86 ბაზიდან და 33 ქვეყანაში 200–ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ამ კომპანიის გუნდი 11 500–ზე მეტ ავიაციის პროფესიონალს აერთიანებს. Ryanair 1984 წელს დაარსდა, თუმცა მისი პირველი სახელწოდება Danren Enterprises იყო.

 

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები