LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

241

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიხეილ ხიდურელი უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მიხეილ ხიდურელი ამ პოსტზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შეირჩა.  “ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა ძალისხმევას ხარჯავს საქართველოს მთავრობა საქართველოში წარმოების განვითარებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და ზოგადად, მეწარმოების განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ 2014 წელს დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – “აწარმოე საქართველოში”. შემდგომ ეს პროექტი გადაიზარდა სააგენტოდ, რომელსაც დღეს ჰქვია სააგენტო “აწარმოე საქართველოში”. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სააგენტოს როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე 5313 ბენეფიციარი გვყავს, მათ შორის, 355 საწარმოა დაფინანსებული და მთლიანი საინვესტიციო მოცულობა, რომელსაც პროგრამამ ხელი შეუწყო 870 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო სამუშაო ადგილების რაოდენობა 14000-ს აღწევს.

ჩვენ საკმაო ხანია ვეძებთ ხელმძღვანელს აღნიშნული სააგენტოსთვის. კონკურსი აპრილის დასაწყისში გამოვაცხადეთ და დღეს მინდა ამ კონკურსის შედეგი გაგაცნოთ. მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს სააგენტოს, ეს არის მიხეილ ხიდურელი. ბატონ მიხეილს აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული. ის არის ნამუშევარი როგორც საქართველოში ასევე, უცხოეთში. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბატონ მიხეილს და მის პარტნიორებს ჰქონდათ შექმნილი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ქართველ მეწარმეებს ეხმარებოდა ევროპის ბაზარზე შეღწევაში და იმ სტანდარტების დანერგვაში, რომელიც არის ესოდენ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქართული პროდუქცია და ბიზნესი შევიდეს ევროპულ ბაზარზე. მინდა, მას ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მიხეილ ხიდურელს განათლება მიღებული აქვს ლონდონში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ხიდურელმა პირველ ვიცე-პრემიერს წარდგენის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის სასიხარულოა, რომ უხელმძღვანელებს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში”.

“ვგეგმავთ შევქმნათ და კონსოლიდირება გავუკეთოთ საქართველოში საინვესტიციო პროექტებს და მოვაქციოთ ერთ საერთო პლატფორმაში, რომელიც საინტერესო იქნება კომერციულად ინვესტორისთვის და ასევე, იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ჯერ კიდევ განუვითარებელი და ნაკლებად განვითარებული სექტორების გამოსაფხიზლებლად. ასევე ვგეგმავთ გადავხედოთ საქართველოს საექსპორტო სამიზნე ქვეყნების სიას, რომ მოხდეს სწორად შერჩეული ქართული პროდუქციის სწორი პოზიციონირება პრიორიტეტულ ბაზრებზე. გარდა ამისა, ადგილობრივი მეწარმეობის კუთხით ვფიქრობ, რომ სააგენტო კიდევ უფრო აქტიურად და ახლოს უნდა მუშაობდეს ქართულ ბიზნესთან. ეს არის კრიტიკული ფაქტორი, რადგან მიმაჩნია, რომ იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ ექსპორტზე გაიტანოს რაიმე პროდუქცია ან გაზარდოს თავისი გეოგრაფიული არეალი, პირველ რიგში, ის ძლიერი და განვითარებული უნდა იყოს იმ ბაზარზე, რაზეც ოპერირებს. შესაბამისად, ვგეგმავთ კერძო სექტორთან დიალოგს და მათ პრობლმებზე, ხედვებზე და გეგმებზე საუბარს”, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები