LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: მეზიზღებოდა “ქუჩის აკადემია” და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად

119

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვერაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ სისხლიან გარჩევას ეხმაურება.

სოციალურ ქსელში ის 2007 წლის კამპანიას “სკოლა დანაშაულის გარეშე” იხსენებს და ამბობს, რომ ის სწორედ 51-ე სკოლაში დაიწყეს.

სააკაშვილი ბავშვობასაც იხსენებს და ამბობს, რომ ამავე სკოლაში სწავლობდა და ქუჩურ გარჩევებშიც უწევდა მონაწილეობის მიღება.

“მე ვსწავლობდი 51-ე საშუალო სკოლაში და ორჯერ ვარ ნამყოფი 53-ე სკოლის მოსწავლეებთან გარჩევაზე და ჩხუბზე.

ერთ-ერთი ჩხუბის დროს ფეხი გამიჩხაპნეს ე.წ “შპიცით”, მას შემდეგ, მეზიზღებოდა ეს “ქუჩის აკადემია” და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად საქართველოში.

მოხდა ისე, რომ ჩემს შემდეგ, “ქუჩის აკადემიკოსები” მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჯერ ძეგლი დაუდგეს ვაზაგაშვილს, ახლა კი ჩემი სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა ქუჩის ყალბმა რომანტიკამ და ძველი ბიჭების და კრიმინალების გაიდიალებამ.

ჩემი უღრმესი სამძიმარი დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრებს!

P.S 2007 წელს კამპანია “სკოლა დანაშაულის გარეშე” სწორედ 51-ე სკოლაში დავიწყეთ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, გარჩევის დროს, ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. დაკავებულია ერთი მოზარდი, ასევე მიმდინარეობს მეორე ახალგაზრდის ძებნის პროცედურები.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ძებნილი პირები თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები