LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საახალწლოდ ბათუმი ძალიან უგემოვნოდ იყო მორთული” – გოგა ჩანადირი

187

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ბათუმის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს.

მისი თქმით, ეს ქალაქი დღეს ქაოსურად და უგემოვნოდ ვითარდება.

გარდა ამისა, ბევრგან დარღვეულია კანონი რეკლამის შესახებ.

ჩანადირი ტაქსის ფასებზე და სასტურმოების უსაფრთხოების არარსებობაზეც ამახვილებს ყურადღებას. ასევე ამბობს, რომ ბათუმი საახალწლოდ ძალიან უგემოვნოდ მოირთო.

“დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ხშირად ჩავდივარ.
ეს წერილი არის ბოლო დროს ჩემი თვალით დანახულ ბათუმზე.

ის, რომ ყოველ ჩასვლაზე ახალი ბათუმი მხვდებოდა, სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა.
ქალაქი დღეს ქაოსურად ვითარდება. წამომართულია უზარმაზარი შენობებები, რომლებსაც არც ავტოსადგომები აქვთ, არც მწვანე საფარი და ეზოები. კორპუსები ზედ ტროტუარებზეა მიბჯენილი.
თავად მშენებარე ან ახალაშენებული სახლების უმრავლესობა, შეიძლება ითქვას, რომ ისეთი თხელია, მუყაოთი ნაგებს ჰგავს და ალბათ, მცირე მიწისძვრას ვერ გაუძლებს.
ამასთანავე, ბევრგან მშენებლობის გამო, ქვეითთა სავალი ნაწილი დაკეტილია.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ არსებობს ქალაქის განვითარების გონივრული გეგმა (მგონი, საერთოდაც არ არსებობს).
ისე შენდება იმხელა კორპუსები, რომ ქალაქის განიავებას ხელს ნამდვილად შეუშლის.

გარეაბრებზე ბევრგან დარღვეულია კანონი რეკლამის შესახებ. ქართული წარწერა ან საერთოდ არ არის ან ზომით და რაოდენობით უცხოურზე ნაკლებია.
ხოლო სახელმწიფოს (ალბათ, მერიის) მიერ დადგმულ ტურისტულ აბრებზე ჯერ უცხოურად წერია და მერე სახელმწიფო ენაზე, რაც არც ერთ ქვეყანაში არ შემხვედრია, რადგან ჯერ ადგილობრივ ენასა და მოსახლეობას სცემენ პატივს.

პირადი გამოკითხვით გავიგე, რომ სასტუმრო “ლეოგრანდის” ხანძრის შემდეგ, ადგილობრივ ხელისუფლებას ყველა სასტუმრო უსაფრთხოებაზე ისევ არ შეუმოწმებია ან თუ შეამოწმა, პრობლემა არ გამოსწორებულა.

ტაქსი თბილისთან შედარებით არასეზონზეც ძვირია. ბევრს მინიმალური ფასი 5 ლარი აქვს, ხოლო “ჰილტონიდან” 200 მეტრით გადაადგილებაშიც ტაქსისტი 10 ლარს ითხოვს.
ბათუმში, პრაქტიკულად, ძნელად მისაგნებია არამწეველთა კაფე-რესტორნები. ძირითადათ, გამონაკლისი სასტუმროები და საერთაშორისო ქსელური რესტორანებია.

2 წელია, ბათუმს აქვს ახალი ემბლემა, რომელიც, თოლიების გუნდი ყოფილა. არადა, ანანასს უფრო ვამსგავსებ. სამწუხაროდ, ტრადიციული სიმბოლო – დელფინი მას შეეწირა.

2 წლის წინათ, როცა ბათუმში თოვლი მოვიდა, ქალაქი გზის გასაწმენდად მზად არ აღმოჩნდა და რამდენიმე დღე გადაადგილება მძღოლებსაც უჭირდათ და ქვეითებსაც. ახლანდელი მდგომრეობა მაფიქრებინებს, რომ ეს ახლაც პრობლემაა.
ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ბათუმში გაიზარდა იმ მძღოლთა რიცხვი, რომლებიც ქვეითებს გზას უთმობენ. თუმცა, ქვეითებისთვის, განსაკუთრებით კი შშმ პირებისთვის, ქალაქი საკმარისად მორგებული არ არის. განსაკუთრებით იქ, სადაც მშენებლობებია.
ქალაქში ველობილიკები ზედმეტად ვიწროა და ორი ველოსიპედისტი ერთმანეთს გვერდს ვერ აუქცევს.
ბათუმის რკინიგზის სადგური არის ერთ-ერთი ცუდი და მოუხერხებელი სადგური, რაც კი მინახავს.
კარგი ის არის, რომ ბათუმში ახლა ნამდვილად არის სუფთა ჰაერი. ასევე, აქ ბევრი გარემოა შექმნილი წიგნის მოყვარულისთვის.

ბათუმი, ეს ნამდვილად გასაოცარი ქალაქია, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება, ასე აღარ ფიქრობს. ის, რაც ცოტა ხნის წინათ გაკეთდა, უკვე მიგდებული და მოუვლელია. განსაკუთრებით თვალშისაცემია ახალი ბულვარი.
ხოლო საახალწლოდ ბათუმი ძალიან უგემოვნოდ იყო მორთული. გამოვარჩევდი ბამბუკის ტყეს ძველ ბულვარში. საახალწლო ღონისძიება იყო უღიმღამო და ნამდვილად არასაახალწლო.
ჩემი სურვილია ბათუმში დაიდგას მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაძვის ხე, რათა ამის გამო, ქალაქი გინესის წიგნშიც მოხვდეს, მისი ცნობილობაც გაიზარდოს და ბევრი ტურისტიც ჩამოვიდეს.

დასკვნა: ბათუმს გულანთებული ქომაგები აკლია.
როგორც ჩანს, უკეთეს ქალაქს თავად ბათუმელებიც აღარ ითხოვენ.
არ ვარ ჩასაფრებული ადამიანი, პირიქით, გულშემატკივარი ვარ და მსურს, ბათუმი კვლავ ვითარდებოდეს”, – წერს გოგა ჩანადირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები