LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბა“-ს ლიტერატურული კონკურსი წელს გერმანიაში გაიმართება

62

„თიბისი ბანკმა“ ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge.

2018 წელი პრემია „საბასთვის“ განსაკუთრებული იქნება – წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 12 ოქტომბერს გერმანიაში, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში “Kaisersaal”  გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება ქართველ საზოგადოებას პირდაპირი სატელევიზიო და ონლაინ ეთერით შეეძლება.

სწორედ ფრანკფურტში გამოვლინდებიან  2017 წლის საუკეთესო ავტორები და წიგნები, რომელთა წარდგენა კონკურსზე დღეიდან იწყება. განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

ფორმატის ცვლილებისა და დაჯილდოების ცერემონიიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას“ წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ ფრანკფურტის პროექტს უკავშირდება.

კერძოდ, 2018 წელს „საბა“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო რომანი

საუკეთესო პროზაული კრებული

საუკეთესო პოეტური კრებული

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

საუკეთესო ქართული თარგმანი

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა

პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის

2018 წელს საკონკურსო ნომინაციებს შორის არ მოხვდა „საუკეთესო პიესა“ და „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“. თუმცა, ამ 2 ნომინაციაში წარსადგენი წიგნები (ანუ, 2017 წელს გამოცემული პიესები და ლიტერატურული კრიტიკა)  განიხილება  2019 წლის კონკურსზე, 2018 წელს გამოცემულ პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკასთან ერთად.

ნომინაციაში „ელექტრონული წიგნი“  წელს პრემია ცალკე აღარ გაიცემა, თუმცა ყველა ელექტრონულ წიგნს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, შესაბამის ნომინაციაში, ბეჭდურ წიგნებთან ერთად.

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. 12 ოქტომბერს კი ფრანკფურტში დაგეგმილ ცერემონიაზე გამოცხადდებიან კონკურსის გამარჯვებულები.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ „თიბისი ბანკმა“ 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები