LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო სამოსის ქართული ბრენდით აფხაზეთში დაინტერესდნენ

179

LE’MON- საბავშვო სამოსის ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. როგორც ”ფორტუნას” LE’MON-ის დამფუძნებელმა სალომე კიკნაველიძემ განუცხადა, ახალი ქართული ბრენდი მომხმარებელს ბავშვებისთვის პრემიუმ ხარისხის ტანისამოსს სთავაზობს.

”ნატურალური ქსოვილების გამოყენებით და მსოფლიო მოდის ტენდენციების გათვალისწინებით, ვცდილობთ, შევქმნათ მაღალი ხარისხის სამოსი, რომელიც მოეწონებათ როგორც ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს. ქსოვილისა და შესრულების ხარისხის გათვალისწინებით შედეგად ყოველთვის ვიღებთ მაღალი ხარისხის, ლამაზ ტანისამოსს, რომელსაც ადვილად მოიხდენს ყველა ასაკის მოზარდი”, – აცხადებს სალომე კიკნაველიძე.

მისივე ინფორმაციით, LE’MON-ის სამოსი, ძირითადად, გათვლილია 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებზე. თუმცა, იკერება სამოსი მოზარდებისთვისაც. რაც შეეხება, ნედლეულს, როგორც ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, LE’MON-ის საბავშვო ტანსაცმელი იკერება როგორც ადგილობრივი უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით, ისე იმპორტირებული ნედლეულით.

”ვფიქრობ, კონკურენტებისგან დიზანი გამოგვარჩევს და სწორედ ამის დამსახურებაა ის ცნობადობა, რომელიც ამ მცირე დროში მოიპოვა ჩვენმა ბრენდმა. ამ ეტაპზე გაყიდვებს სოციალური ქსელის მეშვეობით ვახორციელებთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე მაღაზიასთანაც, სადაც ჩვენი პროდუქცია შევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ LE’MON-ის სამოსით მეზობელ აზერბაიჯანში დაინტერესდნენ. გვქონდა შეკვეთა აფხაზეთიდანაც, თუმცა, სამწუხაროდ, სამოსის იქ ტრანსპორტირებაზე ყველა კომპანიამ უარი გვითხრა”, – განმარტა LE’MON-ის დამფუძნებელმა.

როგორ სალომე კიკნაველიძე ამბობს, ამ ეტაპზე LE’MON-ის საბავშვო სამოსს 2 მკერავი ქმნის, თუმცა, უახლოეს მომავალში გაფართოება და საკუთარი საწარმოს გახსნა იგეგმება, რომელიც სხვადასხვა საკერავი და საქსოვი დანადგარებით აღიჭურვება.

ცნობისთვის,  LE’MON ცოტა ხნის წინ #გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებას შეუერთდა. ღონისძიებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ  „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია უკვე დასრულდა.  დაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი  661 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც სექტემბერში ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.

როგორც ”ფორტუნას” „თიბისი ბანკიდან” აცნობეს, რეგისტრაცია  2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველაზე მეტი კომპანია „წლის სტარტაპერისა“ (231 კომპანია) და „წლის მცირე ბიზნესის“  (229 კომპანია) კატეგორიაში დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები