LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად ცხოვრება შეეძლებათ

90

საქართველოს საელჩომ საბერძნეთში არალეგალურად მყოფი მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების უფლების მინიჭების საკითხზე მუშაობა დაიწყო, ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

როგორც საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა  განაცხადა, ამ პროცესის ფარგლებში საბერძნეთში საქართველოს საელჩო საბერძნეთში ლიცენზირებულ ქართველ იურისტებთანაც თანამშრომლობს. მისივე თქმით, ქართველ იურისტებთან პირველი შეხვედრა ორი დღის წინ შედგა.

როგორც ელჩმა განმარტა, საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტრომ გამოყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც საელჩოსთან ამ თემებზე მუშაობს.

”ეს მგრძნობიარე საკითხი ოფიციალურ დონეზე ბერძნულ მხარესთან პირველად იხილება. საქართველოსა და საბერძნეთს შორის ამ ეტაპზე შეიქმნა ისეთი ინტენსიური, თბილი და კონსტუქციული ურთიერთობა, რომ უკვე ჩვენ ამ საკითხსაც შევეხეთ. ორივე მხრიდან არის სურვილი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხელი შეეწყოს ჩვენი მოქალაქეების საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის პროცესს. ბუნებრივია, მოკლე ვადებში და ერთბაშად, ის მოქალაქეები, ვინც ამჟამად უკანონოდ იმყოფებიან საბერძნეთის ტერიტორიაზე, კანონიერ ყოფნას ვერ მიიღებენ, მაგრამ ამოცანა არის, გაფართოვდეს ის კატეგორიები, ვისთვისაც შეიძლება ლეგალიზაციის პროცესი გამარტივდეს და ახალი ინიციატივებით ხელი შეეწყოს ამ პროცესს. პირველად ვსაუბრობთ ამაზე ბერძნებთან, ორივე მხრიდან არის მზადყოფნა. კომუნიკაციის ეს არხი ინსტიტუციონალიზებულია, იმიტომ, რომ საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტრომ გამოყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც საელჩოსთან ამ თემებზე მუშაობს“,- განაცხადა ელჩმა.

გასულ თვეში საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხის განსახილველად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს იოანის მუზალასს შეხვდა.

ამ შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ ბერძნული მხარე შესაბამის ტექნიკურ დახმარებას გაგვიწევს მიგრაციის შესახებ საბერძნეთის 2014 წლის კანონისა და მასში შესული შესაბამისი შესწორებების ინტერპრეტაციის, ასევე, მათი პრაქტიკული რეალიზაციის საკითხში. ფოკუსირება მოხდება კანონის იმ მუხლებზე, რომლებიც, გამონაკლისის სახით, საბერძნეთში მცხოვრებ ე.წ. „მესამე ქვეყნების“, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლებას აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები