LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საჭმელი, გინდ, აქ გაგიცხელებიათ, გინდ – გაზქურაზე“  –  საშიშია თუ არა მიკროტალღური ღუმელი

ტექნოლოგიურ ეპოქაში  აქცენტი საქმის მარტივ და სწრაფად კეთებაზეა გადატანილი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ ჯანმრთელობისთვის საშიშ თანამედროვე მოწყობილობებზე, ის მაინც ყველა ოჯახშია. ამ მხრივ მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი, მიკროტალღური ღუმელი და წვრილი საოჯახო ტექნიკა ლიდერობს. საუბრობენ მის უარყოფით მხარეებზე, გამოსხივებაზე, თუმცა მათთვის ეს საგნები მაინც ყოველდღიურობის ნაწილია.  ერთ-ერთი ასეთია მიკროტალღური ღუმელი. მის როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში თითოეული ადამიანი თავად განსაზღვრავს. ზოგისთვის იგი კიდევ ერთი „მოდური სათამაშოა“, სხვისთვის კი აუცილებელი და შეუცვლელი დამხმარე სამზარეულოში.

არის თუ არა მასში მომზადებული, გაცხელებული ან გამლღვალი საკვები ჯანმრთელობისთვის საშიში? თავად ამ ღუმელების მწარმოებლებიც იშველიებენ მეცნიერულ გამოკვლევებს და ამტკიცებენ, რომ მათში მომზადებული საკვები სრულიად უვნებელია. 

მანანა კორძახია დიასახლისია. მისთვის სამზარეულოს დამხმარე საგნები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ის „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, მიკროტალღურ ღუმელს ხშირად იყენებს, მათ შორის ნამცხვრის ცხობისასაც.

„ამ ხნის ქალი ვარ, რამდენი წელია, საჭმელს ვაკეთებ და ვაცხობ. აქამდე კარაქს ან შოკოლადს ნამცხვრისთვის გაზზე ვალღობდი, ვსვრიდი ტაფას, ხანდახან გაზსაც, ახლა კი პატარა მინის თასით ვალღობ მიკროტალღურ ღუმელში, ბევრად სწრაფად და მარტივად.  2-3 საათით ადრე ვიღებდი ხოლმე საყინულედან ხორცს, თევზს ახლა, დაძაბული არ ვარ, დამჭირდება თუ არა იმ წამსვე გამომაქვს და ვალღობ. აღარაფერი რომ არ ვთქვა სადილის გაცხელებაზე. სპაგეტის გაცხელებაც ძალიან გამიმარტივდა და ზოგადად გამარტივდა ცხოვრება.  რაღა დროს რაღაცების მავნებლობაზეა საუბარი, როცა დღე და ღამე გამოსხივება ათასი რაღაციდან მოდის. იმხელა საქმეს მიკეთებს მიკროტალღური ღუმელი, ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია,“ –  აღნიშნა მან.

მისგან განსხვავებით, თათული ნოზაძე მიკროტალღურ ღუმელს მხოლოდ განსაკუთრებულ და უკიდურეს შემთხვევაში იყენებს, რადგან, როგორც ამბობს, ის საკვებს სასარგებლო თვისებებსაც უკარგავს და გემოც არa აქვს შენარჩუნებული. თუმცა, აღიარებს, რომ მიკროტალღური ღუმელი გაზზე ბევრად სწრაფი და კომფორტულია.

დღეს სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის, ფუნქციების, დიზაინის და ფასის მიკროტალღური ღუმელებით. ასეთ დროს ძალიან რთულია მათ შორის სწორი არჩევანის გაკეთება. 

ფიზიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რეზო ზარიძე, „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ მექანიზმი, რომლითაც მიკროტალღური ღუმელია შექმნილი, საკვებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა, შესაძლოა, საზიანო იყოს ადამიანისთვის, რომელიც ამ მოწყობილობას მართავს.

„მიკროტალღური ღუმელის შიდა სივრცეში წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ტალღა, რომელიც გასაცხელებელი საკვების სითხესთან შერწყმის შედეგად თბება. წყალში წარმოიქმნება დენები, რადგან იქ არის გამტარობა და ეს ენერგია გარდაიქმნება სითბოდ. რაც შეეხება საკვებს, ამით არაფერი ფუჭდება და არც სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. გინდ, „ფეჩზე“ გაგიცხელებიათ, გინდ გაზზე და გინდ იქ. უშუალოდ მუშაობის პროცესში კი სახიფათო შეიძლება, იყოს მასთან მდგომი ადამიანისთვის. რა გინდ კარგი ღუმელიც არ უნდა იყოს, ის მუშაობისას მაინც გამოასხივებს. ამიტომ ჩემი რჩევაა, ერთი ორი მეტრით დავშორდეთ მას, როცა მუშაობს. პრინციპი ასეთია, ღუმელი წარმოქმნის ერთსა და იმავე ოდენობით ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომელიც მხოლოდ სითხესთან შერწყმის შედეგად გარდაიქმნება სასარგებლო ენერგიად. თუმცა, თუ მიკროტალღურ ღუმელში მცირე ზომის საკვების გაცხელება გვინდა, ასეთ დროს პროპორციულად მცირე ტალღები გარდაიქმნება კარგ ენერგიად, დანარჩენი კი ღუმელის გარეთ გამოსხივდება. თუ კარგად დატვირთეთ, ნაკლებია გამოსხივება. თუმცა, ელექტრომაგნიტური ტალღები ჩვენს გარშემო ისედაც ძალიან ბევრია, ტელეფონი, WI-FI…“ –  აღნიშნა რეზო ზარიძემ.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები