LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად და რა ფასად შეიძენთ პასკას? სააღდგომო სამზადისი დაიწყო

2340

როგორ მოემზადნენ საკონდიტრო კომპანიები აღდგომის პერიოდისთვის, რამდენი სახეობის პასკას სთავაზებენ მომხმარებელს და რა ღირს სააღდგომო პასკა? ამ კითხვებზე საპასუხოდ ”ფორტუნა” ტრადიციულად რამდენიმე საკონდიტროს წარმომადგენელს ესაუბრა…

ევროპული საკონდიტრო “ლე გატო” მომხმარებელს წინა წლის მსგავსად წელსაც 3 სახეობის პასკას სთავაზებს, ფასები კი 10.90 ლარიდან იწყება და 18.50 ლარამდე მერყეობს. როგორც ”ფორტუნას” საკონდიტროში განუცხადეს, აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია ”ლე გატოს” ობიექტებში ხორციელდება. ”უკვე რამდენიმე დღეა, რაც დავიწყეთ პასკების ცხობა და რეალიზება. ვმუშაობთ შეკვეთებზეც. ვაცხობთ სამი სახეობის პასკას – ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქიშმიშიანი პასკა, ევროპული პასკა ცუკატებით და შოკოლადის პასკა”, – აღნიშნეს ”ლე-გატოში” . მათივე ინფორმაციით, ”ლე გატო” პროდუქციას მხოლოდ ნატურალური პროდუქტით ამზადებს, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

შპს ”ტკბილი ქვეყანა” კი მომხმარებელს სააღდგომოდ 11 სახეობის პასკას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პასკების ცხობა საკონდიტრომ რამდენიმე კვირაა დაიწყო და მსურველებს ”ტკბილი ქვეყნის” პასკების შეძენა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა დიდ სავაჭრო ქსელსა და მარკეტში შეუძლიათ. ”9 წელია კომპანია მომხმარებელს სააღდგომო პასკებს სთავაზობს. ისევე როგორც გასულ წელს, ახლაც 11 სახეობას ვაცხობთ. გვაქვს პასკები პუდრით, შოკოლადით, მარცეპანით სხვადახვა შეფუთვებში. ყოველწლიურად საკმაოდ დიდი რაოდენობით პასკა ცხვება ჩვენს საკონდიტროში და რეალიზაციაც სრულიად საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. რაც შეეხება ჩვენი პასკების ღირებულებას, წელს ის 3-დან 8.50 ლარამდე მერყეობს”, – განაცხადეს ”ტკბილ ქვეყანაში”.

პასკების არჩევანი დიდია შპს ”გურმეშიც”. კომპანიამ პასკების ცხობა დღეიდან დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” შპს ”გურმეს” დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნინო მამულაშვილმა განუცხადა ”გურმეს” პასკები მისსავე კაფეტერიებში გაიყიდება. ”ამასთან ვმუშაობთ შეკვეთებზეც და გვაქვს უკვე უამრავი შეკვეთა. წელს პასკის რამდენიმე სახეობას შევთავაზებთ მომხმარებელს. გვექნება ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული პასკა, ასევე შოკოლადის პასკა და ევროპული ცუკატებით დამზადებული პროდუქციაც. გასაყიდი ფასები კი 5-დან 15 ლარის ფარგლებში იქნება”, – აღნიშნა მამულაშვილმა.

სააღდგომოდ მოემზადა ქართული პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია ”იფქლიც”. როგორც აქ განმარტეს, კომპანიის საწარმოში უკვე ერთი კვირაა, პასკების ცხობა აქტიურ ფაზაშია. ამასთან, პროდუქცია სარეალიზაციო ქსელშიც გამოჩნდა. ”წელს, ისევე როგორც შარშან, “იფქლი” მომხმარებელს სამი ზომის ქიშმიშიან პასკას სთავაზობს. 2017 წლისთვის შევცვალეთ პასკის შეფუთვის დიზაინები. ისინი, ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, უფრო თანამედროვე, ლამაზი და მყიდველის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გავხადეთ.

რაც შეეხება პასკის ზომებს და ფასებს: პატარა – 240 გრამიანი – 2 ლარი ღირს; საშუალო – 320 გრამიანი – 3 ლარი; დიდი – 650 გრამიანი – 5 ლარი; დიდი – 650 გრამიანი-მუყაოს ყუთში – 6 ლარი”, – აღნიშნა ”იფქლის” წარმომადგენელმა მარიამ გოგიშვილმა. მისივე თქმით, ”იფქლის” პასკების შეძენა მომხმარებელს შეუძლია “იფქლის” მაღაზიებსა და თბილისის თითქმის ყველა მაღაზიაში.

როგორც აღმოჩნდა, ქალაქის მასშტაბით არსებულმა ყველა დიდმა საკონდიტრომ პასკების ცხობა და რეალიზება უკვე დაიწყო. ბრენდირებული პროდუქციის მინიმალური ღირებულება კი 2 ლარიდან იწყება და 18.50 ლარამდე ადის…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები