LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ეკრძალებათ მძღოლებს გადაადგილება სტიქიის გამო?

47

ზესტაფონი-ქუთაისის  საავტომობილო  გზა, რომელიც  სტიქიამ  დააზიანა,  სავარაუდოდ, ხვალ  გაიხსნება, ამის  შესახებ  საავტომობილო  გზების  დეპარტამენტის  წარმომადგენელმა,  ამირან  უშხვანმა,  რადიო  ფორტუნას  პირდაპირ  ეთერში, განაცხადა. მისი  თქმით, დაზიანებულ  მონაკვეთზე  მოძრაობა დღეს  უნდა აღდგენილიყო, თუმცა ამინდის  გაუარესების  გამო,   სამუშაოები  ვერ  დასრულდა. როგორც  უშხვანმა  აღნიშნა, თუ მდინარე  ჩხარას  კალაპოტმა  არ დაიწია,  გზის  გახსნა  შეუძლებელი  იქნება.  მისი  ინფორმაციით, დასავლეთის  მიმართულებით  მოძრავი  ავტომობილები, დროებით, ზესტაფონი-ბაღდათის  გზით  სარგებლობენ.

როგორც  საავტომობილო  გზების  დეპარტამენტის  წარმომადგენელმა  განაცხადა, სხვა  მნიშვნელოვანი  დაზიანება, რამაც,  შესაძლოა, ავტოტრანსპორტის  გადაადგილება  შეაფერხოს, ქვეყნის  მთავარ  მაგისტრალზე  არ ფიქსირდება.

ამირან უშხვანის  თქმით, ამ  დროისათვის, ძლიერი  ქარბუქისა და თოვის  გამო, დაკეტილია  ნინოწმინდის  გზის  10-კილომეტრიანი  მონაკვეთი, სადაც ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია. რაც  ეხება კობი-გუდაურის  მონაკვეთს, როგორც  უშხვანმა  რადიო  ფორტუნას  პირდაპირ  ეთერში  განაცხადა, მისაბმელიანი  და  ნახევრადმისაბმელიანი  ტრანსპორტისათვის  მოძრაობა  მხოლოდ  მოცურების  საწინააღმდეგო  ჯაჭვებით  არის  შესაძლებელი. მისივე  თქმით,  ამ ტერიტორიაზე  მთელი  საღამოა  თოვს, ამიტომ არ არის  გამორიცხული  ვითარება  შეიცვალოს და  დამატებითი  შეზღუდვებიც  დაწესდეს.

სტიქიის  შედეგად  მიყენებული  ზარალისა  და ინფრასტრუქტურული ზიანის  შესახებ  ზუსტი  ინფორმაცია  ჯერ  ცნობილი  არ არის.  როგორც  საავტომობილო გზების  დეპარტამენტის  წარმომადგენელმა  განაცხადა,  ზარალის  შესახებ  ზუსტი  ციფრი სალიკვიდაციო  სამუშაოების  დასრულების  შემდეგ  გახდება  ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები