LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გადის ზღვარი მასწავლებლისა და მოსწავლის უფლებებს შორის

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი ბოლო წლებია არ განახლებულა. საჯარო სკოლების შინაგანაწესიც დღემდე სწორედ 2010 წლის კოდექსზე დაყრდნობით მზადდება. თუმცა, ბევრად მეტი დროა, რაც მასწავლებელს, განსაკუთრებით, ღვაწლმოსილსა და რამდენიმე ათეული წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონეს, საკუთარი დამოკიდებულებები და პრინციპები იმდენად მტკიცედ აქვს ჩამოყალიბებული, რომ მის შეცვლას ან არ ან ვეღარ ახერხებს. მას სჯერა, რომ გაკვეთილზე ერთპიროვნული ლიდერია და სხვა ყველა დანარჩენი შემთხვევა, ზრდილობის და სწორად აღზრდის ჩარჩოებს ცდება.

ნინი თათოშვილი, რომელმაც სკოლა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა, გვიყვება, სოფელში გატარებულ დღეებზე.

„ჩემი ბავშვობის მოგონებები სოფელში ე.წ. „ბირჟას“ ეხება. ვსხედვართ ჩემ თანატოლებთან ერთად ამ ბირჟაზე და სხვადასხვა ამბებს ხალისიანად ვყვებით. უცებ ყველა, ჩემ გარდა, გაყინული, გაქვავებული სახეებით ადგა შუახნის, სუფთად და ოფიციალურად ჩაცმული მამაკაცის გამოჩენისას, მეც გავშეშდი და ცოტა შემეშინდა. სანამ ამ მამაკაცმა არ აიარა ის მონაკვეთი, სადაც ჩვენი ბირჟა იყო და თვალს არ მოეფარა, ეს ჩემი მეგობრები ასე უძრავად იდგნენ. მიზეზი მოგვიანებით გავიგე. სკოლის დამსახურებული ფიზიკის მასწავლებელი იყო, სახელიც მახსოვს შოთა. ოღონდ დღემდე ვერ ვხსნი, ეს ჟესტი რატომ იყო პატივისცემის გამოხატულება,“ – ეს ამბავი 2010 წელს მოხდა, იხსნებს ნინი „ფორტუნასთან“ საუბრისას და დასძენს, რომ სიტუაცია არც ახლაა მნიშვნელოვნად შეცვლილი რეგიონებში.

ცოტათი განსხვავებულია სიტუაცია მაშინაც და დღესაც თბილისში. დრომ და განვითარებამ მოიტანა, რომ მასწავლებელს ახლა ესალმებიან, ეხუმრებიან და მათთან მეგობრობენ. თუმცა, ესეც გამონაკლისი და იშვიათი შემთხვევაა, რადგან ღვაწლმოსილი მასწავლებლებლების ნაწილი ასეთ ურთიერთობებს სხვა ჩარჩოებში სვამს.

სად გადის ზღვარი მასწავლებლისა და მოსწავლის უფლებებს შორს? მეგი კავთუაშვილმა რამდენიმე თვეა არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” დააფუძნა და მშობლებს იდეის გარშემო გაერთიანება შესთავაზა, რათა თავად დაიცვან შვილების განათლების უფლება. ამ მიზნით 12 მუნიციპალიტეტში 1500-ზე მეტ მშობელსა და მასწავლებელს შეხვდა. მათი მთავარი პრეტენზია შეეხებოდა ერთს – დღეს სკოლაში მასწავლებლების უფლებები არის დაკნინებული, რის ფონზეც მოსწავლეების უფლებები გაიზარდა. თუმცა, როგორც მეგი კავთუაშვილი “ფორტუნას” უყვება, ცოტა თუ ასახელებს, რა უფლებების დაკნინებასა ან მომატებაზეა საუბარი.

მასწავლებლსითვის უფლებები რეალურად არავის ჩამოურთმევია. მას არასოდეს ჰქონდა უფრო მეტი უფლება, ვიდრე დღეს აქვს. 2005-2007 წლებიდან დაიწერა მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, სადაც მასწავლებლებს განუსაზღვრეს, როგორ უნდა მოიქცნენ. აქ არ წერია, რომ მასწავლებელს აქვს დაყვირების, სახაზავის ტარების, მაგიდაზე მუშტის დაბრახუნების უფლება და ა.შ. გასული ხელისუფლების პირობებში აეკრძალათ საკუთარი მოსწავლეების მომზადება და მათგან მატერიალური შემოსავლის მიღება. ასევე, მათ აეკრძალათ საჩუქრების აღება. ამის მიუხედავად, ვიცით, რომ საჩუქრებსაც იღებენ და მოსწავლეებსაც ამზადებენ. რიგ შემთხვევაში ამით შეიძლება არაფერი შავდებოდეს, მაგრამ ეს არის აკრძალული და მათ არ მოსწონთ, როცა რამეს უკრძაკლავენ. სინამდვილეში მასწავლებელს დღეს აქვს ყველანაირი უფლება, რომ გადასაცეს მოსწავლეს, როგორც საგნის ცოდნა, ისე კაცთმოყვარეობა და ადამიანად ჩამოაყალიბოს. თუ რომელიმე მასწავლებელს მიაჩნია, რომ მათი უფლებები შეიზღუდა, ამ მითს ისევ თავად ავრცელებენ და ამ მითის სჯერათ მშობლების ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც მომხრეა თმები მოჩეჩოს და ყური აუწიოს ბავშვს, თუკი არ სწავლობს და „ცუდად იქცევა“. თმების მოჩეჩვა კი არ შეიძლება, თუ მოჩეჩა თმები, ასეთ შემთხვევაში უნდა ჩაერიოს სკოლის შინაგანაწესი და მშობელი. კარგი მასწავლებელი სიცილით კვდება, როცა იგებს, რომ მასწავლებელს უფლებები შეეზღუდა,” –  აღნიშნა მეგი კავთუაშვილმა.

პედაგოგი მანანა ბეგიაშვილი მიიჩნევს, რომ გაკვეთილზე, ისევე როგორც ოჯახში, ყველა უნდა იყოს პირველი, ოღონდ ყველა თავის ნაწილში. თუმცა, ამის მიუხედავად, გაკვეთილზე დომინანტი მაინც მასწავლებელია.

მასწავლებლის და მოსწავლის უფლება ერთმანეთს არ უნდა ფარავდეს. მასწავლებელმა უნდა მოახერხოს, რომ მოსწავლის უფლებები არ გადაფაროს და მისი პირადი სივრცე არ შეზღუდოს. დღემდე მისტირიან და ამბობენ, რომ მაშინ წესრიგი იყო, როცა მთლიანად პროცესს მასწავლებელი განკარგავდა და მოსწავლე უსმენდა დოინჯშემორტყმული. მეორე მომენტია ეს იყო წესრიგი ზევიდან ქვევით მიმართული. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, სადაც არის აბსოლუტური ორმხრივი მოძრაობა. რაც შეეხება მასწავლებლისა და მოსწავლის უფლებებს, აქ არის ერთადერთი გამოხატულება – მოსწავლე არის ერთადერთ შემთხვევაში კმაყოფილი და ბედნიერი, როცა მას უგებენ. გაკვეთილი იცის თუ არ იცის, აქ უკვე მეორეხარისხოვანია. მასწავლებელი რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს, მას თუ არ შეუძლია მოსწავლის გაგება და მასთან ურთიერთობა, ის არ უნდა შეუშვა გაკვეთილზე. არ გეგონოთ, რომ მასწავლებლებს ვადანაშაულებ. მოსწავლე ცდილობს თვითდამკვიდრებას, მასწავლებელმა უნდა მაოხეროს რაღაცნაირად და დაეხმაროს ამაში. მასწავლებელმა არ უნდა იყვიროს, თუ პედაგოგს ყვირილი სჭირდება …” –  აღნიშნა “ფორტუნასთან” საუბრისას ქართული ენისა და ლიტერატურის და შემოქმედებითი წერის პედაგოგმა მანანა ბეგიაშვილმა.

შექმნილ სიტუაციას  და მასწავლებლების პროტესტს მათი უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით 4 შვილის დედა ნათია ჯანაშია მშობლების მიერ საკუთარი უფლებების სწორად გაანალიზებას უკავშირებს. როგორც ის”ფორტუნასთან” აცხადებს, თუკი მისი ბავშვობის პერიოდში, ჩვეულებრივი ამბავი იყო, პედაგოგს გაელანძღა ბავშვი, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა და ამაზე მშობელი პროტესტს არ გამოხატავდა, დღეს ეს ასე არ არის.

როცა ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენა პედაგოგმა, გავაპროტესტე ეს ფაქტი მასთანაც და სკოლის დირექციასთანაც. ამ დროს პედაგოგის უფლებები შევლახე?! სამწუხაროდ, ჩემს ირგვლივ ძალიან ცოტაა ისეთი მშობელი, რომლებიც მოძალადე პედაგოგების მიმართ რიდს ბავშვის უფლებებზე წინ აყენებენ და პირში წყალს იგუბებენ ძალადობრივი ფაქტების დროს. გონიერ მშობლებს, სამწუხაროდ, ინტრიგანის იარლიყი ეკერებათ, მოძალადე პედაგოგები კი, მსხვერპლის როლში გამოდიან, რომლებიც ურცხვად წუწუნებენ, რომ მათი უფლებები შევლახეთ.

ასევე „ვლახავთ“ პედაგოგის უფლებებს, როცა ეჭვის თვალით ვუყურებთ წინსწრებით სწავლის „სიკეთეებს“… როცა ვაპროტესტებთ ბავშვის ასაკისთვის და ინტერესებისთვის შეუფერებელ პროგრამას… არც ამ დროს უნდა ჩავერიოთ პედაგოგის საქმიანობაში, არაფრით უნდა ჩავერიოთ, რადგან პედაგოგმა ხომ უკეთ იცის, ის ხომ ყველა შემთხვევაში შეუცდომელი და ყოვლისმცოდნეა?!

ჩავერევით? ისევ მსხვერპლად ვაქცევთ პედაგოგს, ისევ ავაწუწუნებთ საკუთარ უფლებებზე, ჩვენ კი ახალ იარლიყს მოგვაკერებენ, რომლის ტარება ამ საზოგადოებაში ძალიან რთულია… თუმცა, მშობლებმა როგორღაც უნდა ვზიდოთ ეს ტვირთი, უნდა გამოვფხიზლდეთ… ჩვენი შვილებისთვის… მათი მომავლისთვის…” – აღნიშნა მან.

ის, რომ დღეს ბავშვებიც უკეთ იცავენ საკუთარ უფლებებს მასწავლებლებთან, ამ აზრზეა ალექსანდრეს დედა – თიკო დემეტრაძე. თუმცა, იმასაც აღიარებს, რომ მასწავლებლების უფლებები დღეს არის დაკნინებული.

“თუ მოსწავლეს მასწავლებელმა შენიშვნა მისცა და არის უსაფუძვლო, აქვს საოცრად თავდაცვის მექანიზმი, რის შედეგადაც მიდიან ხელმძღვანელთან, დირექტორთან ან დამრიგებლთან და ეუბნებიან, რომ ასეთი უსაფუძვლო შენიშვნა მივიღე. პარალელები რომ გამყავს ჩემ ასაკთან, გაზრდილი უფლებები აქვთ მოსწავლეებს, თუმცა უსაფუძვლოდ არა, მიმაჩნია, რომ ეს ასე უნდა იყოს. ჩვენ ეს უფლება არ გვქონდა, მე ასეთ პრეტენზიას ასეთი დოზით ვერ გამოვხატავდი. ვეთანხები იმ აზრს, რომ მასწავლებლის ფუნქციები და უფლებები არის დაკნინებული და მოსწავლეების გაზრდილი. თუმცა, ეს არ არის ცუდი,” –  განუცხადა თიკო დემეტრაძემ “ფორტუნას”.

მასწავლებლის ეთიკის კოდექსში კი ვკითხულობთ:

მუხლი 4. მოსწავლეებთან ურთიერთობა

  1. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში.
  2. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.
  3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  4. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.
  5. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.
  6. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
  7. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.
  8. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად.
  9. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას.
  10. მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის.
  11. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები