LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გავემგზავროთ პირველ რომანტიკულ მოგზაურობაში

87

პირველი რომანტიკული მოგზაურობა – ეს სანაპიროზე სეირნობა და გვიან ღამემდე კაფეში ყავის დაგემოვნებაა, ეს შანსია უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი და მოსინჯოთ უამრავი ახალი საქმის ერთად კეთება, ამიტომ თუ მართლაც რომანტიკულად გსურთ დროის გატარება, უმჯობესია დამოუკიდებლად, ტურისტული ჯგუფის გარეშე დაგეგმოთ მოგზაურობა და მხოლოდ ერთმანეთის კომპანიით ისიამოვნოთ.

იდეალური ქალაქები წყვილებისთვის:

* ბუდაპეშტი – უნგრეთის დედაქალაქს ხშირად აღმოსავლეთ ევროპის პარიზსაც ეძახიან, რაც აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან ქალაქის ბრწყინვალე არქიტექტურის ფონზე გასართობიც საკმაოდ ბევრია. ბუდეპეშტი განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც სეირნობა უყვარს, რადგან დღისით ცნობილი ღირსშესანიშნავები შეგიძლიათ მოინახულოთ, საღამო, სანაპიროზე მყუდრო რესტორანში გაატაროთ, ღამე კი, კლუბში გაერთოთ.

* რომი – როგორც ამბობენ, „ყველა გზა რომისკენ მიდის!“ და ეს, მართლაც ასეა, რადგან იტალიის დედაქალაქი იდეალური ადგილია პირველი რომანტიკული თავგადასავლისთვის, სადაც რომის უძველესი იმპერიის ყველა არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასაც სიამოვნებით შეისწავლით, მსოფლიოში საუკეთესო სამზარეულოს კერძებსაც დააგემოვნებთ და უზარმაზარ პარკებსა და სკვერებში სეირნობითაც დატკბებით.

* ლიონი – მართალია, რომანტიკული მოგზაურობის დაგეგმვისას, პირველ რიგში ყველას პარიზი ახსენდება, მაგრამ საფრანგეთის დედაქალაქი ერთადერთი ადგილია არაა, სადაც ნებისმიერი წყვილი თავს სამოთხეში იგრძნობს. არანაკლებ საინტერესოა ალპების ძირში მოთავსებული ლიონი, რომელიც საფრანგეთის გასტრონომიულ დედაქალაქად ითვლება. პატარა, თუმცა საოცრად ლამაზი ქალაქი თავისი ვიწრო ქუჩებით, უზარმაზარი მოედნებითა და ბაზრობებით – მართლაც მშვენიერი არჩევანია პირველი ერთობლივი მოგზაურობისთვის.

* ხორვატიის სანაპირო – ხორვატიაში შეუძლებელია მხოლოდ ერთი ქალაქით დაკმაყოფილება, ამიტომ თუ ბალკანეთის კუნძულზე მიემგზავრებით, ხანგრძლივი მოგზაურობისთვის უნდა მოემზადოთ. დაიქირავეთ ავტომობილი და დაათვალიერეთ სანაპიროზე გაშენებული პატარა ქალაქები, გზად კი, აუცილებლად შეიარეთ პულაში, შიბენიკში, სპლიტსა და რა თქმა უნდა, დუბროვნიკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები