LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაური ტურისტები ინტერესდებიან აჭარით?

233

აჭარაში, 2016 წელს, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების 94%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული ცენტრების მომსახურებით წლის განმავლობაში 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა. რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ცენტრებში ძირითადად რუსი, თურქი, უკრაინელი, პოლონელი და ებრაელი ტურისტები დაინტერესდნენ. მათ შორის, განსაკუთრებული პოპულარობით მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები და პროდუქტები სარგებლობდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონში მყოფ ტურისტებსა და ვიზიტორებს აჭარის მასშტაბით 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება, სადაც ისინი რეგიონში არსებული ტურისტული სერვისების, ადგილებისა და პროდუქტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ. გარდა ამისა, ვიზიტორებს ცენტრებში აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა შეუძლიათ. 2017 წლიდან კი საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში სტუმრებს განახლებული საინფორმაციო-ტურისტული მასალები და ახალი მარშრუტების რუკები დახვდებათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმშია განთავსებული. საინფორმაციო ცენტრების მომსახურების ხარისხი 2016 წელს, იდუმალი სტუმრის შეფასებით, საუკეთესოდ დასახელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები