LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადეპუტატო საწვავით დედამიწის გარშემო: ვინ იღებს ყველაზე მაღალ ანაზღაურებას

93

ქართული პრესა დღეს დეპუტატების შემოსავლებით ინტერესდება, სწორედ „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს ვრცელ სტატიას, რომელიც დეპუტატების პრემია-დანამატებსა და საწვავის ხარჯებს ეხება. კვლევა მონიტორინგის ცენტრმა ”მედიატორმა” ჩაატარა, საიდანაც გაიგებთ, რომ დეპუტატებმა ხელფასის სახით 3 მილიონზე მეტი აიღეს, აქედან კი თითქმის 2 მილიონი ლარი მხოლოდ დანამატი გახლდათ.

მაღალი ანაზღაურების მიმღები დეპუტატების პირველი ხუთეული კი ასეთია: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ირმა ინაშვილი, დავით ბაქრაძე.

აქვე კვლევა დაინტერესდა საწვავის ხარჯითაც და მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში მუშაობა დეპუტატებმა მხოლოდ თებერვალში დაიწყეს, 2017 წლის პირველ სამ თვეში ზოგიერთ დეპუტატს იმდენი საწვავი აქვს დახარჯული, რომ დედამიწას ორჯერ შემოუვლიდნენ. ამ დეპუტატების ხუთეული კი ასეთია: სერგი კაპანაძე, დავით ბაქრაძე, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ტრიპოლსკი და ილია ნაკაშიძე.

სტატია ამ თემაზე „კვირის პალიტრაშია“.

ივანიშვილი კალაძეს გაებუტა: ვინ გახდება პრემიერი

დღევანდელი პრესა „ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებითაც ინტერესდება და კერძოდ, მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებულ კულუარულ ვითარებას მიმოიხილავს. გაზეთი „ალია“ წერს, რომ კახა კალაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა გაფუჭდა, ამიტომ შეიძლება რეალური იყოს გაზეთ „ახალ თაობის“ მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომ კალაძეს ივანიშვილი მერობის კანდიდატურად არ წარადგენს. სამაგიეროდ, ბრძოლა პრემიერობისთვის დაიწყება და ამ თანამდებობისთვის კალაძე და ქუმსიშვილი იბრძოლებენ, – ასეთი ინფორმაცია აქვს გაზეთ „ახალ თაობას“.

„გირჩის“ ინიციატივას უთმობს ყურადღებას „პრაიმ ტაიმი“ და წერს, რომ მათი რელიგიური ორგანიზაციის იდეა არა მხოლოდ ჯარში წამსვლელების მხრივ უქმნის უხერხულობას სახელმწიფოს, არამედ შესაძლოა ამ ორგანიზაციის კიდევ ერთი მიღებული ნებართვა ციხეში შესვლაც იყოს. კანონმდებლობის თანახმად შესაძლოა „გირჩის“ ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულ პირებს ციხეში შესვლა და ახლობლების მონახულებაც შეეძლოთ. თემის დეტალები „პრაიმ ტაიმშია“.

არ დაუკლიათ, გაუზრდიათ

ასევე დღევანდელ პრესაში შეგიძლიათ წაიკითხოთ რატომ არ შედგა მსახიობების დაანონსებული აქცია. ისინი კულტურის სამინისტროს დაფინანსების შემცირების გამო უპირისპირდებოდნენ, დღევანდელი „პრაიმ ტაიმი“ კი აქვეყნებს დოკუმენტებს, საიდანაც ირკვევა, რომ სამინისტრომ თეატრალებს დაფინანსება წინა წელთან შედარებით 8 მილიონით გაუზარდა.

თბილისში ტრანსპორტით მგზავრობა 3 წელი არ გაძვირდება. ამის შესახებ წერს დღევანდელი „რეზონანსი“. დედაქალაქის მიკროავტობუსების მგზავრობის ტარიფს განსაზღვრავს მერია. ახალი ხელშეკრულება უკვე გაფორდა და ტარიფი 3 წლის განმავლობაში არც გაძვირდება და არც შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები