LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საძინებლის რემონტისას დაშვებული 3 მთავარი შეცდომა და რჩევები დიზაინერისგან

ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა – “ციხესიმაგრეში” ყველაზე მყუდრო ადგილი კი საძინებელი უნდა იყოს. ბინაში  ფართის სიმცირის გამო, საძინებელი ხშირად გარდერობის ოთახის ფუნქციასაც ითავსებს.  ერთდროულად კომფორტული და ტევადი სივრცის შექმნა დეტალურ გაანგარიშებას მოითხოვს.

ინტერიერის დიზაინერი ლელი შევჩენკო საძინებლის დაგეგმვისას დაშვებულ 3  მთავარ შეცდომაზე აკეთებს აქცენტს.

ოთახების დაგეგმარებისას ძირითადი შეცდომა (N1) ორი საძინებლის გვერდიგვერდ განთავსებაა. ერთ ოჯახში ხშირად სხვადასხვა თაობა ცხოვრობს,  ოჯახის წევრებს განსხვავებული ცხოვრების წესი აქვთ, რაც  ყოველდღიურობაში დისკომფორტს ქმნის.

შეცდომაა (N2) საძინებლის დაგეგმვისას ზრუნვა მხოლოდ ფართზე და არა კონფიგურაციაზე. საკმარის ფართში ოთახის არასწორი კონფიგურაციის გამო შეიძლება, ვერც გარდერობი გაიმართოს და ვერც საწოლი.

ხშირად საძინებლის და ზოგადად ოთახის კარს შუა კედელზე ჭრიან, რაც ასევე არასწორია(N3). იკარგება ფართი, რომელიც ავეჯისთვის შეიძლება გამოვიყენოთ, პატარა სივრცეში კი თითეულ სანტიმეტრს მნიშვნელობა აქვს.

 

კომფორტული საძინებელი სივრცის მოსაწყობად განსაკუთრებული მნიშვნელობა გ ა ნ ა თ ე ბ ა ს ენიჭება. ბუნებრივი შუქი საწოლს პირდაპირ არ უნდა ეცემოდეს. სასურველია საწოლთან  ბაცი შუქის  ტორშერები, ხოლო საერთო სივრცის გასანათლებლად თბილი ნათება გამოიყენოთ.  ფსიქოლოგთა დასკვნით, ცივი ნათება ადამიანს მუშაობისკენ, თბილი კი დასვენება-მოდუნებისთვის განაწყობს. არასასურველია სწორკუთხოვანი, გეომეტრიული ფიგურის სანათი.

პრაქტიკულობის თვალსაზრისით არ უნდა დაგავიწყდეთ განათების დამონტაჟება გარდერობშიც. ყოველდღიურობაში ტანსაცმლის მოძებნა, განსაკუთრებით თუ გარდერობი მუქია, სირთულეს წარმოადგენს.

არასასურეველია, გაღვიძებისთანავე საკუთარი თავი სარკეში იხილოთ. იზრუნეთ განწყობაზე და სარკე საწოლისგან ოდნავ მოშორებით განათავსეთ.  გაღვიძებისას განწყობის ასამაღლებლად საწოლის მოპირდაპირე (და არა ზურგის) კედლის სასურველი ფოტოშპალერით, პრინტით ან ფოტოებით გალამაზება საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, სიფრთხილე აქაც გმართებს, დიდი ზომის გეომეტრიული ფიგურები პატარა ოთახში სივრცის აღქმას მნიშვნელოვნად ცვლის.

საძინებელში კ ე დ ლ ი ს  ფ ე რ ი ს შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. საყვარელი ფერი,  რომელსაც აქტიურად იყენებთ სამოსში და სხვადასხვა აქსესუარში, შესაძლებელია ოთახის კედლებზე მალე მოგბეზრდეთ და განწყობაზე აისახოს. სასურველია, კედლები მშვიდ ტონალობაში გადაწყვიტოთ, ხოლო საყვარელი, აქტიური ფერი სხვადასხვა აქსესუარის სახით შეიტანოთ ოთახში.

 

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები