LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთაშორისო ბაზრებზე ფეროშენადნობზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება”

103

თბილისში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია – „დსთ-ს ფეროშენადნობთა ბაზარი“ გაიმართა. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, ღონისძიება უკრაინული ორგანიზაცია „მეტალ-ექსპერტის“ ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაში მსოფლიო ფეროშენადნობთა ბაზრის ლიდერი კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის – უკრაინიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, ხოლო თბილისში ღონისძიებას ფეროშენადნობი პროდუქციისა და მანგანუმის მწარმოებელმა კომპანიებმა უმასპინძლეს.

კონფერენციის მიზანი სფეროში მიმდინარე მოვლენების, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ურთიერთგაზიარებაა. ის ქართულ კომპანიებს მეტალურგიის მსოფლიო რუკაზე პოზიციის გამყარების შესაძლებლობას მისცემს, ასევე ხელს შეუწყობს დარგის გაძლიერებას.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, მარინა მაჭარაშვილმა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ამ კონფერენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ცნობილი ფაქტია, რომ ფეროშენადნობებს და კონცენტრატებს ძალიან დიდი ადგილი უკავია საქართველოს საექსპორტო კალათაში. 2017 წელს ადგილობრივი წარმოების ამ დარგმა 309 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა, რამაც მთლიანი ექსპორტის 12 % შეადგინა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია გასაღების ახალი ბაზრების მოძიება და არსებულის შენარჩუნება. იმის მიუხედავად, რომ საექსპორტო ბაზარი დივერსიფიცირებულია და ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს 39 ქვეყანაში გაგვაქვს, მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი ბაზრების მოძიებას. შესაბამისად, იმედი გვაქვს,რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს ახალ ბაზრებზე შესვლას და იქ დამკვიდრებას“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმაც, მერაბ ლომინაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება საქართველოში ტარდება და მას უკვე რეგულარული ხასიათი მიეცა. ლომინაძემ იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია ხელს შეუწყობს კონკრეტული კონტრაგენტების და ახალი პარტნიორების მოძიებას, რაც, ლომინაძის შეფასებით, რეალიზაციის ბაზრების დივერსიფიცირების წინაპირობა გახდება.

ფეროშენადნობი პროდუქციისა და მანგანუმის წარმოება საქართველოს ეკონომიკის ლიდერი დარგია. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო კონფერენციას წელსაც საქართველო მასპინძლობს და ეს დარგის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს. საერთაშორისო ბაზრებზე ფეროშენადნობზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რაც ქმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოში წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამო, დარგს საშუალება მიეცა, მოახდინოს ექსპორტის დივერსიფიცირება, რასაც „ჯორჯიან მანგანეზი“ წარმატებულად ახორციელებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ექსპორტიორებს შორის ყველაზე უკეთ გასაღების ბაზრების დივერსიფიცირება სწორედ ჩვენმა კომპანიამ შეძლო. მისასალმებელია, რომ დღეისათვის საერთაშორისო მწარმოებელთა ინტერესი ქართული წარმოების მიმართ თვალსაჩინოა“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები