LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქართული ღვინისადმი მიძღვნილ გამოფენას ესტუმრა

86

საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და საკვები მრეწველობის მინისტრი, სტეფან ტრავერი ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველოსადმი მიძღვნილ გამოფენას ეწვია. მინისტრმა დეტალურად დაათვალიერა ცენტრში წარმოდგენილი ექსპონატები და, როგორც თავად განაცხადა, აღფრთოვანებული დარჩა გამოფენით.

სტეფან ტრავერს მასპინძლობა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს. მათ საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და საკვები მრეწველობის მინისტრი საქართველოში მოიწვიეს.  სტეფან ტრავერმა აღნიშნა, რომ მისთვის აღმოჩენა გახდა რომ საქართველო არის მეღვინეობის სამშობლო და აუცილებლად ეწვევა მას.

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და  4 თვეს გაგრძელდება.

დღეისთვის გამოფენას უკვე 5 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და  რამდენიმე თვის მანძილზე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება.

გამოფენის ფარგლებში ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული  ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უდაოდ უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა. საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში მუდმივად ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება: სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაციები, რომლებსაც წარუძღვებიან მსოფლიოში აღიარებული  ღვინის ექსპერტები.

ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად  6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.  ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები