LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

86

16 მარტიდან საგადახდო მომსახურების პროვაიდერები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული ახალი წესის მიხედვით დარეგისტრირდებიან.

ახალი რეგულაცია, ერთის მხრივ, აწესებს ახალ მიდგომებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და, მეორეს მხრივ, განსაზღვრავს პროვაიდერთა რეგისტრაციისა და რეგულირების სამართლებრივ ჩარჩოს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პროვაიდერების მიმართ დადგინდა მოთხოვნები მომხმარებელთა საჩივრების მიღების წესისა და მათი განხილვის  ვადების შესახებ. კერძოდ, წესის მიხედვით, პროვაიდერს განესაზღვრა არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადა მომხმარებლის საჩივარზე რეაგირებისთვის. 

დოკუმენტი, ასევე, განუსაზღვრავს პროვაიდერს მომხმარებლის ფულადი სახსრების განთავსებისა და დაცვის მოთხოვნებს, მათ მიერ საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგულ კომპანიაზე (სხვა პირზე) გადაცემისა და საგადახდო მომსახურების განხორციელებისას აგენტების გამოყენების პირობებს.

მსხვილ (მნიშვნელოვან) პროვაიდერს დაუწესდა დამატებითი მოთხოვნები წესებისა და პროცედურების, უსაფრთხოების ზომების, ასევე რისკების შეფასებისა და მათი შემცირების ღონისძიებების დანერგვის მიზნით. ახალ წესში დაზუსტდა პროვაიდერის სათაო ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც.

ეროვნული ბანკის ცნობით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მიღებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ. აღნიშნულ წესში ასევე გათვალისწინებულია ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) რეკომენდაციები.

დღეისათვის საქართველოში კომერციულ ბანკებთან ერთად საგადახდო მომსახურებას ახორციელებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები. აღნიშნულ პირებს დიდი წვლილი შეაქვთ მომხმარებლებისთვის საგადახდო მომსახურების მიწოდების ნაწილში, როგორიცაა გადახდების განხორციელება თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით, გადახდები სატრანსპორტო საშუალებებში, ელექტრონული ფულის გამოშვება და მათი მეშვეობით გადახდის ოპერაციების განხორციელება და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები