LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურმა “წითელი ცხვირების” დავაში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა

152

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ აკა სინჯიკაშვილის განცხადების საფუძველზე ე.წ. წითელი ცხვირების საქმე შეისწავლა, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო, რადგან დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა წარდგენილ დოკუმენტებში. სინჯიკაშვილი ბაღდავაძეს საქველმოქმედო თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა.

თავად თეონა ბაღდავაძემ მისი და კომპანია RedNose-ს სახელით რამდენიმე თვის წინ შესაძლო რეპუტაციის შელახვის შესახებ ორი სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში აკა სინჯიკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერჯერობით პროცესის თარიღი არ ჩანიშნულა.

როგორც თეონა ბაღდავაძემ განაცხადა, სასამართლოში ასევე მოითხოვს 35 000 ლარის დაბრუნებას, რომელიც აკა სინჯიკაშვილს გადასცა ე.წ. დღის ცენტრის გასაკეთებლად.

აკა სინჯიკაშვილმა საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში ე.წ. წითელი ცხვირების გაყიდვით შემოსული თანხების მითვისებაში ამ კამპანიის ორგანიზატორი და მისი პარტნიორი თეონა ბაღდავაძე 2017 წლის ივნისში დაადანაშაულა. ორივე მხარე საქმის გამოძიებას ითხოვდა – აკა სინჯიკაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა, ხოლო ბაღდავაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

უთანხმოება ე.წ. წითელი ცხვირების გაყიდვით შემოსული თანხების რაოდენობის სიზუსტესა და განაწილებას ეხება. თითოეული “ცხვირი” 5 ლარად იყიდებოდა და შემოსული თანხა, rednose.ge-ზე გამოცხადებული მიზნების თანახმად, უნდა მოხმარებოდა თავშესაფრის აშენებას და ლეიკემიით დაავადებული პირის მკურნალობას.

თანხებთან დაკავშირებით გაუგებრობების შესახებ საზოგადოებამ აკა სინჯიკაშვილის მიერ 2017 წლის 16 ივნისს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტიდან შეიტყო.

წყარო http://netgazeti.ge/news/251622/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები