LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო შეხვედრა საგარეოში: სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ელჩები ეხმაურებიან

91

საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. დიპლომატიურმა უწყებამ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან სირიის გადაწყვეტილებაზე  საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.  საქართველოში აკრედიტებულ ელჩების კორპუსს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაც გააცნო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას თქმით, სირიის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიზნით მუშაობას შეუდგა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელჩებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. მათ დაგმეს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და მხარი დაუჭირეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზღვრებში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ სირიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც ნათელია, რომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. გერმანია და ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“ – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა  ჰაიკე რენატე პაიჩმა.

„ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით,“ – ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა, ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შეფასებისას გააკეთა.

საფრანგეთის ელჩის, პასკალ მონიეს თქმით, სირიის ქმედებას საერთაშორისო სამართლის ნორმებთან საერთო არ აქვს. ის აცხადებს, რომ საფრანგეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს.

„საფრანგეთი ყოველთვის დგას ამ პოზიციაზე საერთაშორისო კონფერენციების და შეხვედრების დროს. ჩვენთვის არაფერს ნიშნავს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. ამ ნაბიჯს საერთო არაფერი აქვს საერთაშორისო სამართლის ნორმებთან,“ – განაცხადა პასკამ მონიემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი, აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სირიის მთავრობის გადაწყვეტილებას რეაგირება მოყვება.

„აშშ მოუწოდებს სირიას, რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს, გააუქმონ ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება. მინდა, აღვნიშნო, რომ აშშ-ის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება შედეგი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – აცხადებს ელიზაბეთ რუდი.

სირიამ რუსეთისგან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. საქართველომ კი პასუხად სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

ამავე თემაზე იხილეთ:-„სირიის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება მხოლოდ დასაწყისია“ – რამდენად რეალურია რუსეთის მუქარა