LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარო პოლიტიკის მიმართულებით, ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად კვლავ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება

74

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ის მიმართულებები დაასახელა, რომელიც მისი მინისტრობის შემთხვევაში, პრიორიტეტული იქნება. ზალკალიანის თქმით, ქვეყნის მთავარ მიმართულებად კვლავ ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში განაცხადა, სადაც გაფართოებული კომიტეტების სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

“პირველი პრიორიტეტი, რომელზეც არის საუბარი, გახლავთ საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ბუნებრივია, სრულფასოვანი ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი მიმართულებაც იქნება ფოკუსირებული ამ მიმართულებაზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც არის გამყარებული ქვეყნის ძირითად კანონში, კონსტიტუციაში, ასევე, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის რეზოლუციაში საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს ისევე, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის დამტკიცების მიმართულებით. ასევე, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არაღიარების პოლიტიკა, ასევე, ჩვენი დიპლომატიური სამსახურის პრიორიტეტების დივერსიფიკაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ასევე, ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებებზე დიასპორის მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ეს უკანასკნელი იქნება. დღეს, კომიტეტს მოვახსენებ ჩვენს პოზიციას, ჩვენს გეგმებს. აქამდე ძალიან ბევრია გაკეთებული. 3 კვირის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები და ამ შედეგებზეც, რა თქმა უნდა, მექნება საუბარი,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.