LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგურამოში 25 მეგავატიანი ქვესადგური გაიხსნა

121

საგურამოში ახალი, 25 მეგავატიანი ქვესადგური გაიხსნა, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაკვეთით კომპანია „ენერგოსერვისმა“ ააშენა. ქვესადგურის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დაესწრო.

ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, რადგან ეს უშუალო კავშირშია როგორც დარგის განვითარებასთან, ასევე ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ქვესადგური პირდაპირ კავშირში შეიძლება არ იყოს მოსახლეობის ენერგომომარაგებასთან, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ ამით ჩვენ მივიღებთ რამდენიმე სათავე ნაგებობების, ასევე სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი გარანტი იქნება  თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ასეთი ობიექტები ბევრი იყოს ჩვენს ქვეყანაში. „სასიხარულოა, რომ კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული ობიექტის შექმნით, რამდენიმე წლის წინ ასევე  ვესწრებოდი  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გახსნის ღონისძიებას და დარწმუნებული ვარ, რომ კომპანია განვითარებას კიდევ უფრო მეტი წარმატებით გააგრძელებს.  მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკულ სექტორში საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს, იზრდება მოხმარება, ბევრი ობიექტი შენდება და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ასეთი პროექტის მხარდამჭერი ყოველთვის იქნება ეკონომიკის სამინისტრო“ – აღნიშნა მიქაუტაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი, 25 მეგავატიანი ქვესადგურის მშენებლობას  5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხმარდა, ხოლო  მისი განხორციელების პროცესში 40 ადამიანი დასაქმდა. ქვესადგურს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის საგურამოს და ნატახტარის სათავე ნაგებობების, ასევე სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები