LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია 18 საათისთვის, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს

181

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 18:00 საათისთვის, ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა 52 საჩივარი უბანზე, 35 – ოლქში, და 105 შენიშვნა. საია-ს გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტული საჩივრები აქვს დასახელებული:

„გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები: თერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა განმარტა, რომ გადასატანი ყუთის სიაში მისი ნების გარეშე შეიყვანეს. ვანის #53 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელმაც განაცხადა, რომ არის გადასატანი ყუთის სიაში, თუმცა მას განცხადება კომისიის სახელზე არ დაუწერია. გორის #99 უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მერის არჩევნების გამოუყენებელ ბიულეტენებს აკლდა ერთი ცალი ბიულეტენი. ზუგდიდის #46 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილ 2 ამომრჩეველს უბანზე მიაცემინეს ხმა.

მარნეულის #50 უბანზე სამი ტიპის დარღვევა დაფიქსირდა: რეგისტრატორმა თავისი ბეჭდის ნაცვლად კომისიის მდივნის ბეჭედი გამოიყენა; რეგისტრატორს რამდენჯერმე გამორჩა სამაგიდო სიაში საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

მარკირებიანი ამომრჩევლების მიერ ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა: ვაკეში (#29 და #52 უბნებზე) დაფიქსირდა 3 შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა მარკირებაგავლილ ამომრჩეველთა მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობას. კომისიებმა დროულად დააფიქსირეს აღნიშნული და არ მისცეს შესაბამის პირებს ხმის განმეორებით მიცემის უფლება.

ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი: ამომრჩევლის რიგითი ნომრების ჩანიშვნის ფაქტები კვლავ გრძელდება. ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა მაგ. თბილისში, ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #28 უბანზე, ვაკის #29, #30, #50, #52, „ქართული ოცნებისა“ და „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენლების მიერ მსგავს ფაქტებს. მსგავსი ფაქტები ასევე დაფიქსირდა გურჯაანშიც. მთაწმინდის #8 უბანზე ჩვენი დამკვირვებლის შეკითხვაზე რატომ აგროვებდა ინფორმაციას, „ქართული ოცნების “ წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ სამაგიდო სიიდან ამომრჩევლის რიგითი ნომრის მონაცემების ამოწერა მიზნად ისახავდა ამომრჩევლის კონტროლს. ამავე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა საია მიკერძოებულ ორგანიზაციად მოიხსენიეს. ასევე, დაადასტურა ინფორმაციის შეგროვების მიზანი (ამომრჩევლის კონტროლი) პარტიის წარმომადგენელმა ვაკის მე-20 უბანზე. ასევე უბნის გარეთ ჯგუფურად დგანან პარტია „ქართული ოცნების“ აგიტატორები სიებით: წყალტუბოს #32, გურჯაანი #25, #27, #30, #35 #34,#45-ე უბნებზე, თელავის #24, #30, #33-#37, #38, #39 ,#54, რუსთავის #16 #17 უბანზე.

დამკვირვებლებისთვის არასათანადო სამუშაო პირობების შექმნა: საბურთალოს #8 უბანზე საიას დამკვირვებელს, საჩივრის დაწერის შემდეგ, გაძევებით დაემუქრნენ,” – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები