LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია: ვაზიანის ე.წ. სამხედრო დასახლება – ცივილიზაციას მოწყვეტილები

105

საიას აქტიურობის საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და თავდაცვის სამინიტროს შესაბამისმა სამსახურებმა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებისა და კორპუსების ავარიული ნაწილების რეაბილიტაცია დაიწყეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საია ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული დასახლების უდიდეს ნაწილს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე და იძულებით გადაადგილებული პირები შეადგენენ. საია-ში განმარტავენ, რომ მათ გარკვეულ ნაწილს არ აქვს პირის მაიდენტიფიცირებელი  დოკუმენტები, რის გამოც მათ არ მიეწოდებათ არანაირი სოციალური ან/და სხვა სახის დახმარება.

“მაცხოვრებლები გაუსაძლის სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა 23-ე და 24-ე კორპუსებში. აბსოლუტურად გაუმართავია მიწისქვეშა არხებისა და სხვა სანიტარიულ-ტექნიკურ ნაგებობათა სისტემა, რაც თავისთავად იწვევს კორპუსების ქვედა ნაწილის მუდმივ დაბინძურებას.

“გარდა ამისა, აღსანიშნავია კორპუსების ზოგიერთი ნაწილის ზემოსართულების ავარიული აივნები, რომელთაც არ აქვთ მოაჯირები.

“უკვე წლებია, რაც მოსახლეობა სასმელ წყალს კორპუსებიდან მოშორებით მდებარე ონკანიდან  ბოთლებით ეზიდება. ასევე აღსანიშნავია, ელექტროენერგიის სადენები, რომლებიც თვითნებურად არის გაკეთებული.

“დასახლებაში არ არის საკმარისი რაოდენობის სანაგვე ურნები, გარე განათებები, გამწვანიანება, სამარშუტო ტრანსპორტი, აფთიაქი და სხვა პირველადი საჭიროების დაწესებულებები. არის სკოლა და საბავშვო ბაღი, თუმცა ფართი არასაკმარისია.

“ხაზგასმით აღსანიშნავია დასახლებაში მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვების მძიმე მდგომარეობა, რომელთაც ყოველდღიურად ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოსა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ თამაში,” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

საია-ში განმარტავენ, რომ ორგანიზაცია უკვე მეორე წელია, აქტიურად იკვლევს დასახლების პრობლემებს. მათივე ცნობით, თავდაპირველად თავდაცვის სამინიტროს ბალანსზე მყოფი ზემოაღნიშნული დასახლების  გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის პროცესი სწორედ საიას აქტიურობის შედეგად დაიწყო , რაც შესაძლებელს ხდის მუნიციპალიტეტის მიერ  კორპუსების რეაბილიტაციის სამუშაოების წარმართვას. დასახლების  მძიმე სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე, საია აქტიურად მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული მოსახლეობის მდგომარეობით.