LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ფაქტები 26 მაისთან დაკავშირებით – იცით თუ არა რომ…

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობიდან 100 წლის თავზე, “ფორტუნა” გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, ამ თარიღთან დაკავშირებით და ფაქტებს, რომლებიც ამ დღეს უკავშირდება:

1. რუსეთის შიდა არეულობა საქართველოში პირველად ეკლესიამ გამოიყენა:

1917 წლის მარტში სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ამის შემდეგ თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი.

ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ: “12 მარტს მცხეთაში შეიკრიბა ათიათასობით მორწმუნე, სწირეს მღვდელმთავრებმა ლეონიდემ, გიორგიმ, ანტონმა და პიროსიმ. აქ იყვნენ საქართველოს ეპარქიათა წარმომადგენლები, საგუბერნიო და სამაზრო მარშლები. სვეტიცხოველში წირვისას „განიცადეზე“ სიტყვით გამოვიდა ეპისკოპოსი ლეონიდე და გამოაცხადა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მართვა-გამგეობის აღდგენა.

ამბიონიდან გამოცხადდა, რომ: 1. 1917 წლის 12 მარტიდან გრძელდება ეკლესიის ავტოკეფალია, 2. დროებით, კათალიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ ინიშნება გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე, 3. ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან სასულიერო და საერო პირები.”

2. პირველად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, როგორც დე ფაქტო, ასევე დე იურე, თურქეთმა ცნო – 1918 წლის 3 ივნისს.

სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტოდ 13-მა სახელმწიფომ ცნო, ხოლო დე იურე 17-მა.

3. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მამაკაც დეპუტატებთან ერთად, ხელი მოაწერეს დეპუტატმა ქალებმაც – პირველ პარლამენტში კი 5 ქალი მოხვდა.

1919 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დამფუძნებელი კრების არჩევნები შედგა, რომელიც საყოველთაო, პარიტეტული პრინციპით ჩატარდა. სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიაში 20-ზე მეტი ქალი იყო, მათგან ხუთი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა.

 

 

4. 1918 წლის 26 მაისს აღნიშნავენ საქართველოს ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ტაძრებშიც, მაჰმადიანურ მეჩეთებშიც და იუდაისტურ სინაგოგებშიც.

5. დამოუკიდებლობის მიღების დროს, საქართველოს 2.5 მილიონიანი მოსახლეობიდან, 1.7 მილიონი ეთნიკურად ქართველი იყო.

საქართველოს პარლამენტი – 1918 წელი

6. დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოში 8 სამინისტრო იყო – დღეს 14-ია.

დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:

  • მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი — ნოე რამიშვილი.
  • საგარეო საქმეთა მინისტრი — აკაკი ჩხენკელი.
  • სამხედრო მინისტრი — გრიგოლ გიორგაძე.
  • ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი — გიორგი ჟურული
  • იუსტიციის მინისტრი — შალვა ალექსი-მესხიშვილი.
  • სახალხო განათლების მინისტრი — გიორგი ლასხიშვილი.
  • მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი — ნოე ხომერიკი
  • გზათა მინისტრი — ივანე ლორთქიფანიძე.

7. დამოუკიდებლობის დღე ეროვნულ დღესასწაულად, 73 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადა.

8. 26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა – ეროვნული გმირის დაბადება, ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს სიმბოლურია, რადგან მან სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შესწირა თავი.

იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, არის საქართველოს ეროვნული გმირი. გარდაიცვალა 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

9. პირველი ჰიმნი, დროშა და გერბი: საქართველოს რესპუბლიკის პირველი ჰიმნის ტექსტი და მუსიკა კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს ეკუთვნის.

პირველი ჰიმნი “დიდება” – ორკესტრის შესრულებით:

აღნიშნული ჰიმნი საქართველოს გასაბჭოებამდე მოქმედებდა. მოგვიანებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს საქართველოს ჰიმნად კვლავ “დიდება” მიიჩნეოდა, 2004 წელს კი, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჰიმნი შეიცვალა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა იაკობ ნიკოლაძემ და იოსებ შარლემანმა შექმნეს. საქართველოს დროშა დაცული იყო შესაბამისი კანონით – “კანონი საქართველოს რესპუბლიკის დროშის შესახებ”.

გერბის მხატვარი იყო იოსებ შარლემანი, რომელმაც საქართველოს დროშის შექმნაზეც იმუშავა. გერბზე წმიდა გიორგის გამოსახვის წესების ავტორები და მხატვრები კი, დიმიტრი შევარდნაძე და დავით კაკაბაძე იყვნენ. დროშის მსგავსად, არსებობდა სახელმწიფო კანონი საქართველოს რესპუბლიკის გერბის შესახებ.

10. და ბოლოს, რა ხდება მსოფლიოში მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს:

დამოუკიდებლობის დღეა გაიანაშიც. სახელმწიფომ, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, დამოუკიდებლობა მოიპოვა. (XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში, ამ სახელმწიფოსთვის იბრძოდნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები)

რუსეთში ეს დღე მეწარმეობის დღედაა გამოცხადებული.

სომხეთში სარდარპრტის ბრძოლაში გამარჯვების დღეა.

პოლონეთი 26 მაისს დედის დღეს აღნიშნავს.

დანიაში კი, კრონპრინც ფრედერიკის დაბადების დღეა.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები